28.10.13

თმის ცვენა ძუძუს კიბოს მკურნალობის დროს

ძუძუს კიბოს მკურნალობამ შეიძლება თმის, წამწამების, წარბების ცვენა გამოიწვიოს. ზოგი მზადაა ამისთვის, ზოგი თანდათან ეგუება, ზოგს კი გაცვენილი თმა მუდმივად ახსენებს დიაგნოზს. თუმცა, როდესაც ადამიანმა მეტი იცის ამ პრობლემის შესახებ, მასთან გამკლავება უადვილდება. ჩვენც თმის ცვენის რამდენიმე აქსპექტს შევეხებით, რომ მეტი სასარგებლო რჩევა და ინფორმაცია გქონდეთ.

ქიმიოთერაპია

ქიმიოთერაპიის დროს, ზოგს ცვივა თმა, ზოგს - არა, ზოგს მხოლოდ თმა უთხელდება. ეს დამოკიდებულია მედიკამენტსა და მის დოზაზე, ასევე ადამიანის ორგანიზმზე. არსებობს ე.წ. „გამაგრილებელი ქუდი“, რომელსაც თავზე იხურავენ და ის ხელს უშლის სისხლის მიწოდებას თმის ძირებამდე. შესაბამისად ქიმიოთერაპიული მედიკამენტების გავლენა მცირდება და თმა ან აღარ ცვივა ან ცვენა მცირდება. თუმცა ესეც ინდივიდუალურია და შეიძლება არ იმუშაოს. 

თმის ცვენის თავიდან ასაცილებლად, მიმართავენ  „ხალხურ“ მეთოდსაც - რეზინს შემოიჭერენ შუბლზე, რაც ასევე უშლის ხელს სისხლის მიწოდებას თმის ძირებამდე.

რადიოთერაპია

რადიოთერაპიის დროს თმის ცვენა გარდაუვალია, მაგრამ მხოლოდ იმ ადგილიდან, რომლის დასხივებაც ხდება.

ჰორმონოთერაპია

ჰორმონოთერაპიული მედიკამენტების ნაწილსაც შეუძლიათ თმაზე გავლენის მოხდენა, ოღონდ ძირითად შემთხვევაში ის თმის შეთხელებას იწვევს.

როდესაც თმა ცვენას იწყებს

თმის ცვენა შეიძლება მოულოდნელად დაიწყოს, თუმცა როგორც წესი, ნელ-ნელა ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან ორი-სამი კვირის შემდეგ. მიუხედავად იმისა, შემზადებული ხართ თუ არა ამ პროცესისთვის, პირველი რეაქცია შეიძლება შოკისმომგვრელი იყოს.

აქ, რამდენიმე რჩევაა, რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ:
  • შეიძლება თმა მოკლედ შეიჭრათ ან გადაიპარსოთ, მკურნალობის დაწყებამდე;
  • ატარეთ რბილი ქსოვილის ქუდი ან თავშალი, ჩამოცვენილი თმა რომ არ გაიფანტოს;
  • თუ არ აპირებთ თავზე რამის დახურვას, გამოიყენეთ დამცავი საცხი, რადგან კანი ძალზე მგრძნობიარე ხდება;
  • თუ თავის კანი გამომშრალია ან აქერცლილი, გამოიყენეთ დამატენიანებელი, როგორიცაა ნუშის ან ზეითუნის ზეთი;
  • თუ თმა იღლიაში გაგცვივდათ, არ გამოიყენოთ დეოდორანტები და ტალკი.

რომელი თავსაბურავი ჯობია?

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ზოგს პარიკი მოსწონს, ზოგს - თავშალი, ზოგს - ქუდი. ამის სხვადასხვა მიზეზიც არსებობს, დაწყებული იქიდან თუ „რას იტყვის ხალხი“ და დამთავრებული იმით, თუ რამდენად თბილი ან მძიმეა თავსაბურავი. შესაბამისად, შეიძლება პარიკი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შემოიტოვოთ, თავშალი ან ქუდი კი ყოველდღიურ საქმეში გამოიყენოთ.

25.10.13

ფიზიკური აქტივობა ძუძუს კიბოს მკურნალობისას და მის შემდგომ

ძუძუს კიბოს მკურნალობისას, შესაძლოა ვარჯიში გაგიჭირდეთ. თუ გადაღლილობასა და უძლურებას გრძნობთ, აუცილებელი არაა თავი გადაიტვირთოთ, რადგან მსუბუქი ვარჯიშიც სასარგებლოა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკური აქტივობის დაწყებამდე, თქვენს ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია. 

ფიზიკური აქტივობა ოპერაციის შემდეგ

ოპერაციის შემდგომი ვარჯიშის შესახებ ჩვენ ადრე უკვე ვისაუბრეთ და შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე http://survivors-ge.blogspot.com/2013/10/i.htmlრაც შეეხება ძუძუს რეკონსტრუქციის ოპერაციას, ოპერაციიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში:
  • ხელი არ ასწიოთ მხარზე მაღლა;
  • ხელი არ გასწიოთ ან გაიქნიოთ ნაოპერაციევი ძუძუს მხარეს;
  • არ ასწიოთ მძიმეები;

ფიზიკური აქტივობა ქიმიოთერაპიის დროს

ქიმიოთერაპიამ, შესაძლოა, ძალზე გადაგღალოთ. თუ ანემია განვითარდა, შეიძლება სუნთქვის უკმარისობამ შეგაწუხოთ. ამ დროს, ენერგიას სეირნობა შეგმატებთ.

აუზი და ქიმიოთერაპია

ქიმიოთერაპიის დროს, ცურვას თავი აარიდეთ, რადგან ამ დროს თქვენი ორგანიზმი დასუსტებულია და ინფექციებთან ბრძოლა უჭირს.

ფიზიკური აქტივობა რადიოთერაპიის დროს

რადიოთერაპიის დროს კარგია სეირნობა და მსუბუქი დაჭიმვითი ვარჯიშები. თუ დასხივების შემდგომ კანზე დამწვრობა განვითარდა, თავი აარიდეთ ცურვას.

ფიზიკური აქტივობა ჰორმონოთერაპიის დროს

ჰორმონოთერაპიული მედიკამენტების ნაწილი ოსტეოპოროზის განვითარების რისკს ზრდის. ამიტომ, შემდეგი სახის ფიზიკური აქტივობა მოგიხდებათ:
  • სეირნობა, ცეკვა, კიბეზე სიარული;
  • კედლიდან განზიდვის ვარჯიში;
  • 2,5 კგ ჰანტელების აწევა.

ფიზიკური აქტივობა ოსტეოპოროზის დროს

ოსტეოპოროზის დროს თავი აარიდეთ ისეთ ფიზიკურ აქტივობას, როგორციაა სირბილი, ხტომა და ა.შ. ამ დროს უმჯობესია ცურვა და სეირნობა.

ფიზიკური აქტივობა ლიმფოსტაზისა და ლიმფედემას დროს

ლიმფოსტაზისას უნდა გაითვალისწინოთ, ხომ არ გაწუხებთ გულის დაავადებები ან ართრიტი და შესაბამისად დაიტვირთოთ თავი. ვარჯიშები ლიმფოსტაზისა და ლიმფედემას დროს მოცემულია ამ ლინკზე http://survivors-ge.blogspot.com/2013/10/iii.html .

24.10.13

კვება ძუძუს კიბოს მკურნალობის დროს

ძუძუს კიბოს მკურნალობისას, როგორიცაა ქიმიოთერაპია, შესაძლოა გვერდითი მოვლენები განვითარდეს, რაც უმადობას ან მადის მომატებას იწვევს. აქ რამდენიმე რჩევაა, რომელიც პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ:

  • უმადობისას მცირე პორციებით და ხშირხშირად იკვებეთ;
  • მიირთვით 5-6 მცირე ულუფა დღეში, 3 დიდი ულუფის მაგივრად;
  • ხშირად მიიღეთ წვენი და წვნიანი თუ მყარი საკვები არ გინდათ;
  • „მადის გახსნა“ კვებამდე სეირნობით შეგიძლიათ;
შესაძლოა, ზოგიერთმა მედიკამენტმა მადის და წონის მომატება გამოიწვიოს. ამიტომ გირჩევთ:
  • გამოიყენეთ უცხიმო საკვები;
  • მიირთვით ბევრი ახალი ხილი;
  • თავი აარიდეთ შასქრის შემცველ საკვებს და ტკბილ სასმელს.

გულისრევა

ექიმი დაგინიშნავთ მედიკამენტს, რომელიც გულის რევის შეგრძნების დაძლევაში დაგეხმარებათ. მკურნალობის დროს მიიღეთ ბევრი სითხე – წყალი ან ჩაი. უმჯობესია ყლუპ–ყლუპად მიირთვათ, ვიდრე – დიდი დოზებით და ერთბაშად.

დაზიანებები პირის ღრუში

ქიმიოთერაპიამ, შესაძლოა პირის სიმშრალე ან დაზიანება გამოიწვიოს, რაც კვებას მტკივნეულს ხდის. გირჩევთ:
  • კვების შემდეგ, კბილი რბილი ჯაგრისით გაიხეხეთ;
  • მიირთვით რბილი საკვები;
  • პირის ღრუს დაამება შეიძლება საწუწნი ტკბილეულით, ყინულის ნატეხებით, მინერალური წყლით;
  • თავი აარიდეთ მყარ, ხრაშუნა, მარილიან, ცხელ, მწარე და მჟავე საკვებს.
გემოს შეცვლა

ქიმიოთერაპიის დროს შეიძლება გემო შეგეცვალოთ ან დაკარგოთ, ამიტომ მკვეთრად არომატიზებული საკვები უფრო მოგიხდებათ. ზოგჯერ, ქიმიოთერაპია მეტალის გემოს ტოვებს, ამიტომ მინის ან პლასტმასის ჭურჭლის გამოყენებას გირჩევთ.

ყაბზობა და დიარეა

აქტიურობის შემცირება და ზოგიერთი მედიკამენტი კუჭის შეკრულობას იწვევს, ამიტომ მიირთვით თხიერი საკვები, დიარეის დროს კი შეამცირეთ „პრობლემური“ საკვები და მიიღეთ ბევრი სითხე.

ნებისმიერ შემთხვევაში კვების შემდეგ, მოგიხდებათ სეირნობა, რაც საჭმლის მონელებას უწყობს ხელს.

22.10.13

უძლურება

უძლურება გადაღლილობის შედეგია და დასვენების ან გამოძინების მიუხედავად, არ ქრება. მან თქვენს ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე შეიძლება მოახდინოს გავლენა. უძლურება ძუძუს კიბოს მკურნალობის ყველაზე მეტად გავრცელებული გვერდითი მოვლენაა და შესაძლოა რამდენიმე კვირა ან თვე გაგრძელდეს.


მათთვის, ვისაც უძლურება აწუხებს, ვერ ახერხებს ენერგიის მობილიზებას ყოველდღიური საქმიანობისთვის. ამან, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების დამოუკიდებლობის ხარისხზე იმოქმედოს. ყველას შემთხვევა ინდივიდუალურია, თუმცა ამ დროს სწორად უნდა განსაზღვროთ თქვენი შესაძლებლობები და საკუთარი თავისგან მეტი არ მოითხოვოთ.

რატომ ვითარდება უძლურება?

ძუძუს კიბოს მკურნალობის მეთოდები შეიცავენ გვერდით მოვლენებს, რომელთაც უძლურების გამოწვევა შეუძლიათ, მაგალითად:
  • ქირურგიული ოპერაცია –  ორგანიზმის დასუსტებას იწვევს, აღგენას კი დრო სჭირდება;
  • ქიმიოთერაპია – რკინადეფიციტურ ანემიას იწვევს, რკინა კი ჰაერივით აუცილებელია ძალების აღსადგენად;
  • ჰორმონოთერაპია – ნივთიერებათა ცვლის პროცესზე მოქმედებს და გვერდით მოვლენების მიზეზია;
  • ემოცია – დიაგნოზმა, შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, სტერსი და უძილობა, რაც გადაღლილობას იწვევს;
  • მედიკამენტების გვერდითი მოვლენები –  ანტიდეპრესანტებს, ოპიოიდებს და ანტისეპტიკებს შეუძლიათ უძლურების შეგრძნება განავითარონ.

სასარგებლო რჩევები
  • მიმართეთ ექიმს, რომელმაც ანემიის დასაძლევად, შესაძლოა, რკინის შემცველი პრეპარატები დაგინიშნოთ ;
  • შეისვენეთ ყოველდღიური საქმიანობებს შორის;
  • შეეცადეთ ივარჯიშოთ ყოველდღიურად;
  • დალიეთ ბევრი სითხე. მიიღეთ ჯანსაღი და კალორიული საკვები;
  • დაისვენეთ, სანამ რაიმე დღესასწაულზე ან ღონისძიებაზე წახვალთ.

უძილობა

უძლიობა უძლურების განვითარების ყველაზე მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს. უმრავლეს შემთხვევაში,  მისი დაძლევა შეიძლება, თუმცა ინდივიდუალურად, ხან დიდ ხანს გრძელდება, ხან მალე გადის.


უძილობის ძირითადი მიზეზი კიბოს დიაგნოზით გამოწვეული სტრესია, რამაც შეიძლება მომავლის რწმენა დაგაკარგვინოთ და გაზარდოს თქვენი შფოთვა ოჯახის წევრების ან ახლობელ–მეგობრების გამო. უძილობას ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლაც იწვევს და მკურნალობის ხანგრძლივობაც.

როგორ გავუმკლავდეთ უძილობას?

ძილის რიტმის აღსადგენად, მნიშვნელოვანია, ერთი და იგივე დროს გაიღვიძოთ და დაიძინოთ. თუ 6 საათი გძინავთ, აუცილებლად 12–ზე უნდა დაწვეთ დასაძინებლად. საძინებელი ძილისთვის უნდა იყოს და არა ტელევიზორის საყურებლად. გამორთეთ შუქი, როცა დაწვებით. თუ 15 წუთის განმავლობაში არ ჩაგეძინათ, სხვა ოთახში გადით, სანამ დაღლილობას არ იგრძნობთ. შეიძლება, მსუბუქი ვარჯიშებიც გააკეთოთ ან წაიხემსოთ, მაგრამ საღამოს, თავი აარიდეთ ყავას და ჩაის. ძილის მომგვრელი საშუალებების გამოყენება კი აუცილებლად შეათანხმეთ მკურნალ ექიმთან.

21.10.13

დეპრესია და უგუნებობა

დეპრესია ყველაზე  მეტად გავრცელებული მდგომარეობაა, რომელსაც სიმპტომთა სხვადასხვა სპექტრი გააჩნია, სულიერად დაცემის შეგრძნებით დაწყებული და სიცოცხლის დასრულების სურვილით დამთავრებული.

დეპრესია ნორმალური რექციაა ტრავმაზე, მაგრამ პრობლემის გაცნობიერებისთანავე, ენერგიის მოკრებასა და უგუნებობის დაძლევას შესძლებთ.


დეპრესია შეიძლება ნებისმიერ ეტაპზე განვითარდეს, იქნება ეს კიბოს დიაგნოზის დასმის, მკურნალობისა თუ მკურნალობის შემდგომი პერიოდი.

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია

თუ ნეგატიური აზრები არ გტოვებთ რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეს შესაძლოა დეპრესიის შედეგი იყოს, რაც გამოიხატება შემდეგში:
  • ყოველდღიური საქმიანობისადმი ინტერესისა და ხალისის დაკარგვა;
  • საკუთარი გარეგნობისადმი ინტერესის დაკარგვა;
  • აზრის გაჩენა, რომ „ყველაფერი სულ ერთია“;
  • ურთიერთობებისა და „გარეთ გასვლის“ სურვილის დაკარგვა;
  • ტირილის განწყობისა და გაღიზიანების მატება;
  • კონცენტრაციის გაძნელება;
  • უძილობა ან მომატებული ძილიანობა;
  • უმადობა ან მადის მომატება;
  • უხასიათობა, თვითმკვლელობის სურვილი.
თქვენ ამ გრძნობების იგნორირება უნდა მოახერხოთ და ბრძოლა გააგრძელოთ. პრობლემის გაანალიზება და თანადგომა, ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენთვის.

თანადგომა და დეპრესიის მკურნალობა

დეპრესიის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს, მათ შორის თვითდახმარებისა და ანტიდეპრესანტების თერაპია.

თვითდახმარების მეთოდები
  • იქონიეთ მოთმინება, აღდგენისთვის და დასახული მიზნის მისაღწევად დროა საჭირო;
  • შესაძლოა, ოჯახის წევრთან ან მეგობართას „გულის გადაშლა“ დაგეხმაროთ;
  • შესაძლოა, ფიზიკურმა აქტივობამ გუნება გამოგიკეთოთ;
  • კარგი ეფექტის მომცემია თქვენნაირი დიაგნოზის მქონე ქალებთან გასაუბრება, მათ შეიძლება „გამარჯვებულ ქალთა კლუბში“ შეხვდეთ.

ანტიდეპრესანტები

დეპრესიის სამკურნალოდ, შესაძლოა, ანტიდეპრესანტები დაგინიშნონ. მკურნალობა 6 კვირამდე გრძელდება, თუმცა შეიძლება მეტიც გაგრძელდეს, სანამ სასიკეთო ეფექტს იგრძნობთ. ანტიდეპრესანტებს ნიშნავენ, როგორც დამხმარე საშუალებასაც სხვა თერაპიის პარალელურად.

ფსიქოლოგის დახმარება

ფსიქოლოგიური კონსულტაციები ერთერთი მნიშვნელოვანია დეპრესიის დასაძლევად. დღესდღეისობით არსებობს სხვადასხვა ფსიქოლოგიური სამსახური, რომელიც ქალებს დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ, უფრო დაწვრილებით ინფორმაციას „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ცხელ ხაზზე შეიტყობთ (ტელ: +995) 551 55 33 81).

18.10.13

ძუძუს მკურნალობის გავლენა სხეულზე

ძუძუს კიბოსა და მის მკურნალობას თქვენს სხეულზე გავლენის მოხდენა შეუძლია. მაგალითად, ოპერაციის შემდეგ რჩება ნაიარევი, ქიმიოთერაპია იწვევს თმისცვენას, მკურნალობისას ან მის შემდეგ, შეიძლება წონაშიც მოიმატოთ.
მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის შედეგად გამოწვეული ცვლილებების უმეტესობა დროებითია, მან მაინც შეიძლება გამოიწვიოს თქვენი გაღიზიანება.
სხეულის ცვლილება ოპერაციის შემდეგ
ოპერაციის შემდეგ, სხეულის დათვალიერება, შეიძლება დამთრგუნველი აღმოჩნდეს, შეშუპებებისა და ჩაქცევების გამო, მაგრამ ეს მალე გაივლის. უფრო ძნელია, როცა პირველად შეხედავთ  ნაიარევს. ქალების ნაწილი ამას მარტო ან მედდასთან ერთად აკეთებს, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს თქვენი გადაწყვეტილება, პირველად დიდ ხანს არ უყუროთ  ნაკერებს, რადგან ამან, შეიძლება, უფრო უარყოფითად იმოქმედოს თქვენზე.
ქალების მცირე ნაწილი ემოციურად არ განიცდის ქირურგიული ჩარევის შედეგებს, თუმცა უმეტესობა ამას ქალურების დაკარგვად აღიქვამს, რაც არასრულფასოვნებისა და სიმორცხვის შეგრძნებებს ავითარებს.   
როგორ შევეგუოთ ცვლილებებს?
კვლევებმა აჩვენა, რაც უფრო ადრე დაიწყებთ ფიზიკურ ცვლილებებთან ბრძოლას, მით უფრო იოლად დაძლევთ ფსიქოლოგიურ სირთულეებს.
თავიდან, ნაიარევის დათვალიერება, შესაძლოა, ცუდად გხდიდეთ, მაგრამ ნელ-ნელა მისი ხელით შეხებაც უნდა შეძლოთ და მოვლაც. ამიტომ გირჩევთ, გრძელ სარკესთან (რომელშიც მთელი ტანით გამოჩნდებით) დადგეთ ხოლმე და შორიდან დაათვალიეროთ ნაოპერაციევი მკერდი. ხელითაც მოსინჯეთ, რომ ნელ-ნელა შეიგრძნოთ „ახალი რეალობა“. ასე, ყოველ დღე დაითვალიერეთ ნაიარევი და შეეხეთ ხოლმე მას. შედეგად, მძიმე ემოციური ფონი შერბილდება.
რაც უფრო ადრე აჩვენებთ თქვენს ნაიარევს და ნაკერებს მეუღლეს ან პარტნიორს, მით უფრო ადვილად შეძლებთ თქვენი ინტიმური სივრცის აღდგენას.
თუ ეს რჩევები, არაფრის მომცემია, მიმართეთ ფსიქოლოგს.
ძუძუს რეკონსტრუქცია და პროთეზები
ფსიქოლოგიური სირთულეების დაძლევაში მნიშვნელოვანია ძუძუს რეკონსტრუქცია ან პროთეზირება. ამით ქალი „დაკარგულის შევსებას“ ახერხებს, თუმცა რეკონსტრუქციით შეიძლება ვერ მოხერხდეს ძუძუს შეგრძნების აღდგენა. პროთეზის ტარებაზე და ძუძუს რეკონსტრუქციაზე გადაწყვეტილებას ყველა ინდივიდუალურად იღებს, თუმცა ზოგი არცერთს მიმართავს.
წონის მომატება
წონის მატება კიბოს მკურნალობის შედეგი შეიძლება იყოს. ამას მედიკამენტების გარდა, თქვენი ნაკლებად აქტიური ცხოვრებაც იწვევს. დეპრესიის დროს შეიძლება ჭამასაც მოუმატოთ, მაგრამ ფიზიკური აქტივობა და დაბალანსებული დიეტა ამ პრობლემის დაძლევაში შეგიწყობთ ხელს.
თმის ცვენა
არაფერია ჯანმრთელობაზე უკეთესი. ქიმიოთერაპიაც ხომ თქვენს სასიკეთოდ ჩაგიტარდათ, ამიტომ არც კი ინერვიულოთ იმაზე, რაც ისევ ამოვა.
ლიმფოსტაზი და ლიმფედემა
ეს იგივეა რაც შეშუპება და მკლავში, ხელში ან მკერდში ლიმფის შეგუბების შედეგია. ზოგჯერ დამთრგუნველი და დამღლელია, როცა ხელში სიმძიმეს, უძლურებას და დაბუჟებას გრძნობ, მაგრამ ამის „წამალი“ ის ვარჯიშები, მასაჟი და რეკომენდაციებია, რომელსაც ჩვენი ბლოგების ჩამონათვალში იოლად იპოვნით.

17.10.13

ძუძუს პროთეზი, მოგზაურობა და დასვენება

როგორ მოვუაროთ ძუძუს პროთეზს თვითმფრინავით მგზავრობისას და როგორ ავიცილოთ თავიდან უხერხულობა, რომელიც შესაძლოა აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურთან შეიქმნას. 

თვითმფრინავით მგზავრობისას, ძუძუს პროთეზში შესაძლოა ჰაერის პატარა ბუშტუკები გაჩნდეს. ეს წნევის ცვალებადობის გამო ხდება და თვითმფრინავის დაშვებისთანავე გაქრება.

როგორც წესი, აეროპორტებში დამონტაჟებული უსაფრთხოების სისტემა სილიკონის პროთეზს ვერ აღიქვამს, მაგრამ უხერხულობის ან გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ პროთეზი ბარგთან ერთად ჩააბაროთ.

ასევე, გაარკვიეთ ავიაკომპანიასთან, ხომ არ არის საჭირო სამედიცინო ცნობის წარდგენა (რომ პროთეზს სამედიცინო მიზნით ატარებთ) იმ ქვეყანაში, სადაც ჩაფრენას აპირებთ.

თუ ზღვაზე გიწევთ დასვენება, საცურაო კოსტიუმის ადაპტირება მოგიწევთ. შიგნიდან ჯიბე მიაკერეთ საცურაო ბიუსტჰალტერს და პროთეზი მასში მოათავსეთ. უფრო მოსახერხებელი „ტოპიკის“ სტილის საცურაო კოსტიუმია, რადგან იღლიასთანაც დაფარავს სხეულს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი მარტივი მეთოდების გამოყენება, თქვენს თავდაჯერებულობაზე დადებითად აისახება, შეგცვლით თქვენც და თქვენს ცხოვრებასაც.