10.10.13

ძუძუს პროთეზების შესახებ

ბევრს აწუხებს კითხვა, როგორ უნდა გადალახო ემოციური ბარიერი ძუძუს მთლიანი ან ნაწილობრივი მოკვეთის შემდეგ. გაღიზიანება და შიში ბუნებრივია, როცა სხეულის „ჩვეულ“ ფორმას კარგავ. თუმცა, შესაძლოა, ძუძუს პროთეზის მორგებით „სიცარიელე შეავსოთ“ და ეს ფსიქოლოგიური პრობლემაც მალე დაძლიოთ.


ძუძუს პროთეზების უმეტესობა მზადება რბილი სილიკონისგან, რომელიც თხელი პოლიეთილენის გარსითაა დაფარული და მთლიანი ძუძუს ან მისი ნაწილის ფორმა აქვს. გარე ზედაპირი პრიალაა და შეიძლება ძუძუს თავიც ჰქონდეს. შიდა მხარე, რომელიც კანს ეხება, სხვადასხვა სიმკვრივისაა და თქვენ უნდა აარჩიოთ ისეთი, რომელშიც უკეთ იგრძნობთ თავს.

პროთეზის შერჩევისას სპეციალისტი უნდა დაიხმაროთ. მორგებისას არ აჩქარდეთ, რათა დარწმუნდეთ არჩევანის სისწორეში. პროთეზი არ უნდა გიქმნიდეთ დისკომფორტს და უნდა შეესაბამებოდეს თქვენი კანის ფერს. კონსულტაცია ამ საკითხზე „გამარჯვებულ ქალთა კლუბშიც“ შეგიძლიათ მიიღოთ (ტელ: (+995) 551 55 33 81).

პროთეზის შერჩევისას, თან იქონიეთ:
  • კარგად მომდგარი ბიუსტჰალტერი;
  • სადა, ღია ფერის მომდგარი მაისური ან „ტოპიკი“. ამ სამოსით უფრო იოლია მოხდენილი პროთეზის შერჩევა. 

პროთეზები სხვადასხვა ფორმის, ზომისა და წონისაა. ზოგის ტარება ორივე მხარეს შეიძლება, ზოგს მხოლოდ მარჯვენა ან მარცხენა მხარისთვის დამახასიათებელი ფორმა აქვს, ზოგს კი უკანა მხარე აქვს ამობურცული, კანის ამოკვეთილი ქსოვილის შესავსებად.

პროთეზის წონა სხეულის ერთგვარ ბალანსს ქმნის და მორგებისას, მთავარია დისკომფორტი არ იგრძნოთ. თუ დიდი ზომის პროთეზი გჭირდებათ, შეიძლება მსუბუქს მიანიჭოთ უპირატესობა. მსუბუქი პროთეზი უფრო მოსახერხებელია ასაკოვანი ან ლიმფოსტაზის მქონე ქალებისთვის.

პროთეზის უკანა მხარე, როგორც წესი, ისეთივე მასალისგანაა დამზადებული, როგორითაც - წინა. ზოგს, მეტი კომფორტისთვის, რბილი ჩასაფენი მოჰყვება ან სილიკონის თხელი ფენა აქვს დამატებული. შესაძლებელია, „ჯიბიანი“ ბიუსტჰალტერის გამოყენებაც. 


პროთეზები მრავალფეროვანია, ზოგი ნაწილობრივი მასტექტომის დროს გამოიყენება, ზოგი - მთლიანია, ზოგი მისაწებებელია, ზოგი - ბიუსტჰალტერში ჩასადები, ზოგი ცურვისას გამოიყენება, ზოგი - აქტიური დასვენებისას, თუმცა რამდენადაა ასეთი არჩევანი ქართულ ბაზარზე, ძნელი სათქმელია.

პროთეზის მოვლა

სილიკონის პროთეზს ისე უნდა მოუაროთ, როგორც საკუთარ კანს უვლით. ყოველდღე, გარეცხეთ თბილ, საპნიან წყალში და გაამშრალეთ პირსახოცით. მისი გამოყენება შეიძლება მარილიან ან ქლორიან წყალში (ზღვაზე ან აუზზე), მაგრამ მალევე უნდა გაავლოთ სუფთა წყალში. აუცილებლად გაეცანით პროთეზის მოვლის ინსტრუქციასაც. შეეცადეთ, არ გაჩხვლიტოთ და თუ არ ხმარობთ, შეინახეთ იმ ყუთში, რომელიც ყიდვისას მოჰყვა.

პროთეზს გამოყენების ვადებიც აქვს. როგორც წესი, ის სამ წლამდე ძლებს, კარგი მოვლის შემთხვევაში.

No comments:

Post a Comment