28.10.13

თმის ცვენა ძუძუს კიბოს მკურნალობის დროს

ძუძუს კიბოს მკურნალობამ შეიძლება თმის, წამწამების, წარბების ცვენა გამოიწვიოს. ზოგი მზადაა ამისთვის, ზოგი თანდათან ეგუება, ზოგს კი გაცვენილი თმა მუდმივად ახსენებს დიაგნოზს. თუმცა, როდესაც ადამიანმა მეტი იცის ამ პრობლემის შესახებ, მასთან გამკლავება უადვილდება. ჩვენც თმის ცვენის რამდენიმე აქსპექტს შევეხებით, რომ მეტი სასარგებლო რჩევა და ინფორმაცია გქონდეთ.

ქიმიოთერაპია

ქიმიოთერაპიის დროს, ზოგს ცვივა თმა, ზოგს - არა, ზოგს მხოლოდ თმა უთხელდება. ეს დამოკიდებულია მედიკამენტსა და მის დოზაზე, ასევე ადამიანის ორგანიზმზე. არსებობს ე.წ. „გამაგრილებელი ქუდი“, რომელსაც თავზე იხურავენ და ის ხელს უშლის სისხლის მიწოდებას თმის ძირებამდე. შესაბამისად ქიმიოთერაპიული მედიკამენტების გავლენა მცირდება და თმა ან აღარ ცვივა ან ცვენა მცირდება. თუმცა ესეც ინდივიდუალურია და შეიძლება არ იმუშაოს. 

თმის ცვენის თავიდან ასაცილებლად, მიმართავენ  „ხალხურ“ მეთოდსაც - რეზინს შემოიჭერენ შუბლზე, რაც ასევე უშლის ხელს სისხლის მიწოდებას თმის ძირებამდე.

რადიოთერაპია

რადიოთერაპიის დროს თმის ცვენა გარდაუვალია, მაგრამ მხოლოდ იმ ადგილიდან, რომლის დასხივებაც ხდება.

ჰორმონოთერაპია

ჰორმონოთერაპიული მედიკამენტების ნაწილსაც შეუძლიათ თმაზე გავლენის მოხდენა, ოღონდ ძირითად შემთხვევაში ის თმის შეთხელებას იწვევს.

როდესაც თმა ცვენას იწყებს

თმის ცვენა შეიძლება მოულოდნელად დაიწყოს, თუმცა როგორც წესი, ნელ-ნელა ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან ორი-სამი კვირის შემდეგ. მიუხედავად იმისა, შემზადებული ხართ თუ არა ამ პროცესისთვის, პირველი რეაქცია შეიძლება შოკისმომგვრელი იყოს.

აქ, რამდენიმე რჩევაა, რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ:
  • შეიძლება თმა მოკლედ შეიჭრათ ან გადაიპარსოთ, მკურნალობის დაწყებამდე;
  • ატარეთ რბილი ქსოვილის ქუდი ან თავშალი, ჩამოცვენილი თმა რომ არ გაიფანტოს;
  • თუ არ აპირებთ თავზე რამის დახურვას, გამოიყენეთ დამცავი საცხი, რადგან კანი ძალზე მგრძნობიარე ხდება;
  • თუ თავის კანი გამომშრალია ან აქერცლილი, გამოიყენეთ დამატენიანებელი, როგორიცაა ნუშის ან ზეითუნის ზეთი;
  • თუ თმა იღლიაში გაგცვივდათ, არ გამოიყენოთ დეოდორანტები და ტალკი.

რომელი თავსაბურავი ჯობია?

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ზოგს პარიკი მოსწონს, ზოგს - თავშალი, ზოგს - ქუდი. ამის სხვადასხვა მიზეზიც არსებობს, დაწყებული იქიდან თუ „რას იტყვის ხალხი“ და დამთავრებული იმით, თუ რამდენად თბილი ან მძიმეა თავსაბურავი. შესაბამისად, შეიძლება პარიკი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შემოიტოვოთ, თავშალი ან ქუდი კი ყოველდღიურ საქმეში გამოიყენოთ.

25.10.13

ფიზიკური აქტივობა ძუძუს კიბოს მკურნალობისას და მის შემდგომ

ძუძუს კიბოს მკურნალობისას, შესაძლოა ვარჯიში გაგიჭირდეთ. თუ გადაღლილობასა და უძლურებას გრძნობთ, აუცილებელი არაა თავი გადაიტვირთოთ, რადგან მსუბუქი ვარჯიშიც სასარგებლოა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკური აქტივობის დაწყებამდე, თქვენს ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია. 

ფიზიკური აქტივობა ოპერაციის შემდეგ

ოპერაციის შემდგომი ვარჯიშის შესახებ ჩვენ ადრე უკვე ვისაუბრეთ და შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე http://survivors-ge.blogspot.com/2013/10/i.htmlრაც შეეხება ძუძუს რეკონსტრუქციის ოპერაციას, ოპერაციიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში:
  • ხელი არ ასწიოთ მხარზე მაღლა;
  • ხელი არ გასწიოთ ან გაიქნიოთ ნაოპერაციევი ძუძუს მხარეს;
  • არ ასწიოთ მძიმეები;

ფიზიკური აქტივობა ქიმიოთერაპიის დროს

ქიმიოთერაპიამ, შესაძლოა, ძალზე გადაგღალოთ. თუ ანემია განვითარდა, შეიძლება სუნთქვის უკმარისობამ შეგაწუხოთ. ამ დროს, ენერგიას სეირნობა შეგმატებთ.

აუზი და ქიმიოთერაპია

ქიმიოთერაპიის დროს, ცურვას თავი აარიდეთ, რადგან ამ დროს თქვენი ორგანიზმი დასუსტებულია და ინფექციებთან ბრძოლა უჭირს.

ფიზიკური აქტივობა რადიოთერაპიის დროს

რადიოთერაპიის დროს კარგია სეირნობა და მსუბუქი დაჭიმვითი ვარჯიშები. თუ დასხივების შემდგომ კანზე დამწვრობა განვითარდა, თავი აარიდეთ ცურვას.

ფიზიკური აქტივობა ჰორმონოთერაპიის დროს

ჰორმონოთერაპიული მედიკამენტების ნაწილი ოსტეოპოროზის განვითარების რისკს ზრდის. ამიტომ, შემდეგი სახის ფიზიკური აქტივობა მოგიხდებათ:
  • სეირნობა, ცეკვა, კიბეზე სიარული;
  • კედლიდან განზიდვის ვარჯიში;
  • 2,5 კგ ჰანტელების აწევა.

ფიზიკური აქტივობა ოსტეოპოროზის დროს

ოსტეოპოროზის დროს თავი აარიდეთ ისეთ ფიზიკურ აქტივობას, როგორციაა სირბილი, ხტომა და ა.შ. ამ დროს უმჯობესია ცურვა და სეირნობა.

ფიზიკური აქტივობა ლიმფოსტაზისა და ლიმფედემას დროს

ლიმფოსტაზისას უნდა გაითვალისწინოთ, ხომ არ გაწუხებთ გულის დაავადებები ან ართრიტი და შესაბამისად დაიტვირთოთ თავი. ვარჯიშები ლიმფოსტაზისა და ლიმფედემას დროს მოცემულია ამ ლინკზე http://survivors-ge.blogspot.com/2013/10/iii.html .

24.10.13

კვება ძუძუს კიბოს მკურნალობის დროს

ძუძუს კიბოს მკურნალობისას, როგორიცაა ქიმიოთერაპია, შესაძლოა გვერდითი მოვლენები განვითარდეს, რაც უმადობას ან მადის მომატებას იწვევს. აქ რამდენიმე რჩევაა, რომელიც პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ:

  • უმადობისას მცირე პორციებით და ხშირხშირად იკვებეთ;
  • მიირთვით 5-6 მცირე ულუფა დღეში, 3 დიდი ულუფის მაგივრად;
  • ხშირად მიიღეთ წვენი და წვნიანი თუ მყარი საკვები არ გინდათ;
  • „მადის გახსნა“ კვებამდე სეირნობით შეგიძლიათ;
შესაძლოა, ზოგიერთმა მედიკამენტმა მადის და წონის მომატება გამოიწვიოს. ამიტომ გირჩევთ:
  • გამოიყენეთ უცხიმო საკვები;
  • მიირთვით ბევრი ახალი ხილი;
  • თავი აარიდეთ შასქრის შემცველ საკვებს და ტკბილ სასმელს.

გულისრევა

ექიმი დაგინიშნავთ მედიკამენტს, რომელიც გულის რევის შეგრძნების დაძლევაში დაგეხმარებათ. მკურნალობის დროს მიიღეთ ბევრი სითხე – წყალი ან ჩაი. უმჯობესია ყლუპ–ყლუპად მიირთვათ, ვიდრე – დიდი დოზებით და ერთბაშად.

დაზიანებები პირის ღრუში

ქიმიოთერაპიამ, შესაძლოა პირის სიმშრალე ან დაზიანება გამოიწვიოს, რაც კვებას მტკივნეულს ხდის. გირჩევთ:
  • კვების შემდეგ, კბილი რბილი ჯაგრისით გაიხეხეთ;
  • მიირთვით რბილი საკვები;
  • პირის ღრუს დაამება შეიძლება საწუწნი ტკბილეულით, ყინულის ნატეხებით, მინერალური წყლით;
  • თავი აარიდეთ მყარ, ხრაშუნა, მარილიან, ცხელ, მწარე და მჟავე საკვებს.
გემოს შეცვლა

ქიმიოთერაპიის დროს შეიძლება გემო შეგეცვალოთ ან დაკარგოთ, ამიტომ მკვეთრად არომატიზებული საკვები უფრო მოგიხდებათ. ზოგჯერ, ქიმიოთერაპია მეტალის გემოს ტოვებს, ამიტომ მინის ან პლასტმასის ჭურჭლის გამოყენებას გირჩევთ.

ყაბზობა და დიარეა

აქტიურობის შემცირება და ზოგიერთი მედიკამენტი კუჭის შეკრულობას იწვევს, ამიტომ მიირთვით თხიერი საკვები, დიარეის დროს კი შეამცირეთ „პრობლემური“ საკვები და მიიღეთ ბევრი სითხე.

ნებისმიერ შემთხვევაში კვების შემდეგ, მოგიხდებათ სეირნობა, რაც საჭმლის მონელებას უწყობს ხელს.

22.10.13

უძლურება

უძლურება გადაღლილობის შედეგია და დასვენების ან გამოძინების მიუხედავად, არ ქრება. მან თქვენს ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე შეიძლება მოახდინოს გავლენა. უძლურება ძუძუს კიბოს მკურნალობის ყველაზე მეტად გავრცელებული გვერდითი მოვლენაა და შესაძლოა რამდენიმე კვირა ან თვე გაგრძელდეს.


მათთვის, ვისაც უძლურება აწუხებს, ვერ ახერხებს ენერგიის მობილიზებას ყოველდღიური საქმიანობისთვის. ამან, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების დამოუკიდებლობის ხარისხზე იმოქმედოს. ყველას შემთხვევა ინდივიდუალურია, თუმცა ამ დროს სწორად უნდა განსაზღვროთ თქვენი შესაძლებლობები და საკუთარი თავისგან მეტი არ მოითხოვოთ.

რატომ ვითარდება უძლურება?

ძუძუს კიბოს მკურნალობის მეთოდები შეიცავენ გვერდით მოვლენებს, რომელთაც უძლურების გამოწვევა შეუძლიათ, მაგალითად:
  • ქირურგიული ოპერაცია –  ორგანიზმის დასუსტებას იწვევს, აღგენას კი დრო სჭირდება;
  • ქიმიოთერაპია – რკინადეფიციტურ ანემიას იწვევს, რკინა კი ჰაერივით აუცილებელია ძალების აღსადგენად;
  • ჰორმონოთერაპია – ნივთიერებათა ცვლის პროცესზე მოქმედებს და გვერდით მოვლენების მიზეზია;
  • ემოცია – დიაგნოზმა, შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, სტერსი და უძილობა, რაც გადაღლილობას იწვევს;
  • მედიკამენტების გვერდითი მოვლენები –  ანტიდეპრესანტებს, ოპიოიდებს და ანტისეპტიკებს შეუძლიათ უძლურების შეგრძნება განავითარონ.

სასარგებლო რჩევები
  • მიმართეთ ექიმს, რომელმაც ანემიის დასაძლევად, შესაძლოა, რკინის შემცველი პრეპარატები დაგინიშნოთ ;
  • შეისვენეთ ყოველდღიური საქმიანობებს შორის;
  • შეეცადეთ ივარჯიშოთ ყოველდღიურად;
  • დალიეთ ბევრი სითხე. მიიღეთ ჯანსაღი და კალორიული საკვები;
  • დაისვენეთ, სანამ რაიმე დღესასწაულზე ან ღონისძიებაზე წახვალთ.

უძილობა

უძლიობა უძლურების განვითარების ყველაზე მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს. უმრავლეს შემთხვევაში,  მისი დაძლევა შეიძლება, თუმცა ინდივიდუალურად, ხან დიდ ხანს გრძელდება, ხან მალე გადის.


უძილობის ძირითადი მიზეზი კიბოს დიაგნოზით გამოწვეული სტრესია, რამაც შეიძლება მომავლის რწმენა დაგაკარგვინოთ და გაზარდოს თქვენი შფოთვა ოჯახის წევრების ან ახლობელ–მეგობრების გამო. უძილობას ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლაც იწვევს და მკურნალობის ხანგრძლივობაც.

როგორ გავუმკლავდეთ უძილობას?

ძილის რიტმის აღსადგენად, მნიშვნელოვანია, ერთი და იგივე დროს გაიღვიძოთ და დაიძინოთ. თუ 6 საათი გძინავთ, აუცილებლად 12–ზე უნდა დაწვეთ დასაძინებლად. საძინებელი ძილისთვის უნდა იყოს და არა ტელევიზორის საყურებლად. გამორთეთ შუქი, როცა დაწვებით. თუ 15 წუთის განმავლობაში არ ჩაგეძინათ, სხვა ოთახში გადით, სანამ დაღლილობას არ იგრძნობთ. შეიძლება, მსუბუქი ვარჯიშებიც გააკეთოთ ან წაიხემსოთ, მაგრამ საღამოს, თავი აარიდეთ ყავას და ჩაის. ძილის მომგვრელი საშუალებების გამოყენება კი აუცილებლად შეათანხმეთ მკურნალ ექიმთან.

21.10.13

დეპრესია და უგუნებობა

დეპრესია ყველაზე  მეტად გავრცელებული მდგომარეობაა, რომელსაც სიმპტომთა სხვადასხვა სპექტრი გააჩნია, სულიერად დაცემის შეგრძნებით დაწყებული და სიცოცხლის დასრულების სურვილით დამთავრებული.

დეპრესია ნორმალური რექციაა ტრავმაზე, მაგრამ პრობლემის გაცნობიერებისთანავე, ენერგიის მოკრებასა და უგუნებობის დაძლევას შესძლებთ.


დეპრესია შეიძლება ნებისმიერ ეტაპზე განვითარდეს, იქნება ეს კიბოს დიაგნოზის დასმის, მკურნალობისა თუ მკურნალობის შემდგომი პერიოდი.

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია

თუ ნეგატიური აზრები არ გტოვებთ რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეს შესაძლოა დეპრესიის შედეგი იყოს, რაც გამოიხატება შემდეგში:
  • ყოველდღიური საქმიანობისადმი ინტერესისა და ხალისის დაკარგვა;
  • საკუთარი გარეგნობისადმი ინტერესის დაკარგვა;
  • აზრის გაჩენა, რომ „ყველაფერი სულ ერთია“;
  • ურთიერთობებისა და „გარეთ გასვლის“ სურვილის დაკარგვა;
  • ტირილის განწყობისა და გაღიზიანების მატება;
  • კონცენტრაციის გაძნელება;
  • უძილობა ან მომატებული ძილიანობა;
  • უმადობა ან მადის მომატება;
  • უხასიათობა, თვითმკვლელობის სურვილი.
თქვენ ამ გრძნობების იგნორირება უნდა მოახერხოთ და ბრძოლა გააგრძელოთ. პრობლემის გაანალიზება და თანადგომა, ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენთვის.

თანადგომა და დეპრესიის მკურნალობა

დეპრესიის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს, მათ შორის თვითდახმარებისა და ანტიდეპრესანტების თერაპია.

თვითდახმარების მეთოდები
  • იქონიეთ მოთმინება, აღდგენისთვის და დასახული მიზნის მისაღწევად დროა საჭირო;
  • შესაძლოა, ოჯახის წევრთან ან მეგობართას „გულის გადაშლა“ დაგეხმაროთ;
  • შესაძლოა, ფიზიკურმა აქტივობამ გუნება გამოგიკეთოთ;
  • კარგი ეფექტის მომცემია თქვენნაირი დიაგნოზის მქონე ქალებთან გასაუბრება, მათ შეიძლება „გამარჯვებულ ქალთა კლუბში“ შეხვდეთ.

ანტიდეპრესანტები

დეპრესიის სამკურნალოდ, შესაძლოა, ანტიდეპრესანტები დაგინიშნონ. მკურნალობა 6 კვირამდე გრძელდება, თუმცა შეიძლება მეტიც გაგრძელდეს, სანამ სასიკეთო ეფექტს იგრძნობთ. ანტიდეპრესანტებს ნიშნავენ, როგორც დამხმარე საშუალებასაც სხვა თერაპიის პარალელურად.

ფსიქოლოგის დახმარება

ფსიქოლოგიური კონსულტაციები ერთერთი მნიშვნელოვანია დეპრესიის დასაძლევად. დღესდღეისობით არსებობს სხვადასხვა ფსიქოლოგიური სამსახური, რომელიც ქალებს დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ, უფრო დაწვრილებით ინფორმაციას „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ცხელ ხაზზე შეიტყობთ (ტელ: +995) 551 55 33 81).

18.10.13

ძუძუს მკურნალობის გავლენა სხეულზე

ძუძუს კიბოსა და მის მკურნალობას თქვენს სხეულზე გავლენის მოხდენა შეუძლია. მაგალითად, ოპერაციის შემდეგ რჩება ნაიარევი, ქიმიოთერაპია იწვევს თმისცვენას, მკურნალობისას ან მის შემდეგ, შეიძლება წონაშიც მოიმატოთ.
მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის შედეგად გამოწვეული ცვლილებების უმეტესობა დროებითია, მან მაინც შეიძლება გამოიწვიოს თქვენი გაღიზიანება.
სხეულის ცვლილება ოპერაციის შემდეგ
ოპერაციის შემდეგ, სხეულის დათვალიერება, შეიძლება დამთრგუნველი აღმოჩნდეს, შეშუპებებისა და ჩაქცევების გამო, მაგრამ ეს მალე გაივლის. უფრო ძნელია, როცა პირველად შეხედავთ  ნაიარევს. ქალების ნაწილი ამას მარტო ან მედდასთან ერთად აკეთებს, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს თქვენი გადაწყვეტილება, პირველად დიდ ხანს არ უყუროთ  ნაკერებს, რადგან ამან, შეიძლება, უფრო უარყოფითად იმოქმედოს თქვენზე.
ქალების მცირე ნაწილი ემოციურად არ განიცდის ქირურგიული ჩარევის შედეგებს, თუმცა უმეტესობა ამას ქალურების დაკარგვად აღიქვამს, რაც არასრულფასოვნებისა და სიმორცხვის შეგრძნებებს ავითარებს.   
როგორ შევეგუოთ ცვლილებებს?
კვლევებმა აჩვენა, რაც უფრო ადრე დაიწყებთ ფიზიკურ ცვლილებებთან ბრძოლას, მით უფრო იოლად დაძლევთ ფსიქოლოგიურ სირთულეებს.
თავიდან, ნაიარევის დათვალიერება, შესაძლოა, ცუდად გხდიდეთ, მაგრამ ნელ-ნელა მისი ხელით შეხებაც უნდა შეძლოთ და მოვლაც. ამიტომ გირჩევთ, გრძელ სარკესთან (რომელშიც მთელი ტანით გამოჩნდებით) დადგეთ ხოლმე და შორიდან დაათვალიეროთ ნაოპერაციევი მკერდი. ხელითაც მოსინჯეთ, რომ ნელ-ნელა შეიგრძნოთ „ახალი რეალობა“. ასე, ყოველ დღე დაითვალიერეთ ნაიარევი და შეეხეთ ხოლმე მას. შედეგად, მძიმე ემოციური ფონი შერბილდება.
რაც უფრო ადრე აჩვენებთ თქვენს ნაიარევს და ნაკერებს მეუღლეს ან პარტნიორს, მით უფრო ადვილად შეძლებთ თქვენი ინტიმური სივრცის აღდგენას.
თუ ეს რჩევები, არაფრის მომცემია, მიმართეთ ფსიქოლოგს.
ძუძუს რეკონსტრუქცია და პროთეზები
ფსიქოლოგიური სირთულეების დაძლევაში მნიშვნელოვანია ძუძუს რეკონსტრუქცია ან პროთეზირება. ამით ქალი „დაკარგულის შევსებას“ ახერხებს, თუმცა რეკონსტრუქციით შეიძლება ვერ მოხერხდეს ძუძუს შეგრძნების აღდგენა. პროთეზის ტარებაზე და ძუძუს რეკონსტრუქციაზე გადაწყვეტილებას ყველა ინდივიდუალურად იღებს, თუმცა ზოგი არცერთს მიმართავს.
წონის მომატება
წონის მატება კიბოს მკურნალობის შედეგი შეიძლება იყოს. ამას მედიკამენტების გარდა, თქვენი ნაკლებად აქტიური ცხოვრებაც იწვევს. დეპრესიის დროს შეიძლება ჭამასაც მოუმატოთ, მაგრამ ფიზიკური აქტივობა და დაბალანსებული დიეტა ამ პრობლემის დაძლევაში შეგიწყობთ ხელს.
თმის ცვენა
არაფერია ჯანმრთელობაზე უკეთესი. ქიმიოთერაპიაც ხომ თქვენს სასიკეთოდ ჩაგიტარდათ, ამიტომ არც კი ინერვიულოთ იმაზე, რაც ისევ ამოვა.
ლიმფოსტაზი და ლიმფედემა
ეს იგივეა რაც შეშუპება და მკლავში, ხელში ან მკერდში ლიმფის შეგუბების შედეგია. ზოგჯერ დამთრგუნველი და დამღლელია, როცა ხელში სიმძიმეს, უძლურებას და დაბუჟებას გრძნობ, მაგრამ ამის „წამალი“ ის ვარჯიშები, მასაჟი და რეკომენდაციებია, რომელსაც ჩვენი ბლოგების ჩამონათვალში იოლად იპოვნით.

17.10.13

ძუძუს პროთეზი, მოგზაურობა და დასვენება

როგორ მოვუაროთ ძუძუს პროთეზს თვითმფრინავით მგზავრობისას და როგორ ავიცილოთ თავიდან უხერხულობა, რომელიც შესაძლოა აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურთან შეიქმნას. 

თვითმფრინავით მგზავრობისას, ძუძუს პროთეზში შესაძლოა ჰაერის პატარა ბუშტუკები გაჩნდეს. ეს წნევის ცვალებადობის გამო ხდება და თვითმფრინავის დაშვებისთანავე გაქრება.

როგორც წესი, აეროპორტებში დამონტაჟებული უსაფრთხოების სისტემა სილიკონის პროთეზს ვერ აღიქვამს, მაგრამ უხერხულობის ან გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ პროთეზი ბარგთან ერთად ჩააბაროთ.

ასევე, გაარკვიეთ ავიაკომპანიასთან, ხომ არ არის საჭირო სამედიცინო ცნობის წარდგენა (რომ პროთეზს სამედიცინო მიზნით ატარებთ) იმ ქვეყანაში, სადაც ჩაფრენას აპირებთ.

თუ ზღვაზე გიწევთ დასვენება, საცურაო კოსტიუმის ადაპტირება მოგიწევთ. შიგნიდან ჯიბე მიაკერეთ საცურაო ბიუსტჰალტერს და პროთეზი მასში მოათავსეთ. უფრო მოსახერხებელი „ტოპიკის“ სტილის საცურაო კოსტიუმია, რადგან იღლიასთანაც დაფარავს სხეულს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი მარტივი მეთოდების გამოყენება, თქვენს თავდაჯერებულობაზე დადებითად აისახება, შეგცვლით თქვენც და თქვენს ცხოვრებასაც.

14.10.13

ძუძუს პროთეზი და ტანსაცმელი

თუ უბრეტელო კაბის ან ზედას ჩაცმა გსურთ, შეგიძლიათ ტანსაცმელს შიდა მხარეს პატარა ჯიბე გაუკეთოთ და პროთეზი მასში მოათავსოთ ან ატაროთ გამჭვირვალე ბრეტელიანი ბიუსტჰალტერი.


თუ ძველ ტანსაცმელს არ გინდათ შეელიოთ, გულამოღებული ტანსაცმლის შიგნით მაქმანიანი ბიუსტჰალტერი ან ზედა ჩაიცვით.


მსუბუქი და ნახევრად გამჭვირვალე ზედა შეიძლება მოკლესახელოიანის ზემოდან შემოიცვათ. მოიგდეთ შარფი იმ მხარეს, რომლის „დამალვაც“ გინდათ. ამისთვის მსხვილი მძივებიც გამოგადგებათ.


შეიძლება დიაგონალური დეკოლტეც გამოიყენოთ (თუ მარჯვენა ძუძუა მოკვეთილი, დეკოლტე მარცხენა დიაგონალზე გაუშვათ და პირიქით).

შესაძლოა, პროთეზის ტარება სულაც აღარ მოისურვოთ. მაშინ, ჩაცმულობაში გარკვეული კორექტივების შეტანა მოგიწევთ. თუ ერთი ძუძუა მოკვეთილი, მუქ, ზოლიან და თავისუფალ ტანსაცმელს შეუძლია ამის „შენიღბვა“. ორივე ძუძუს მოკვეთის შემთხვევაში, პროთეზის მაგივრობა შეიძლება „ღრუბლის“ მკვრივმა ბიუსტჰალტერმა გასწიოს.


11.10.13

ბიუსტჰალტერის შერჩევა ძუძუს პროთეზისთვის



თუ გაქვთ გადაწყვეტილი ბიუსტჰალტერის ყიდვა, გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან. ზოგჯერ, ბიუსტჰალტერის ზომის შერჩევა რთულია, მაგალითად თუ გაქვთ ძალიან პატარა ან პირიქით, დიდი ზომის მკერდი.

ახალი ბიუსტჰალტერი უნდა იკვრებოდეს თავისუფლად. როდესაც ჩაიცვამთ და ქსოვილი დაიჭიმება, ბიუსტჰალტერმა უნდა შეინარჩუნოს ფორმა და არ დაზიანდეს.

თუ ორმხრივი მასტექტომია გაქვთ, ახალი ბიუსტჰალტერი უნდა მოირგოთ ისე, რომ შექმნას ბუნებრივი სარძევე ჯირკვლის ასოციაცია. შეეცადეთ, აარჩიოთ ისეთი ფორმის ბიუსჰალტერი, რომელიც არ იქნება ძალიან ამოღებული, ამით შეამცირებთ პროთეზის გამოჩენის საბრთხეს.

თუ თქვენი სარძევე ჯირკვალის ფორმა განსხვავდება ერთმანეთისგან და ასიმეტრიულია, ამ შემთხვევაში, ბიუსტჰალტერის ფორმა უნდა განსაზღვროთ დიდის მიხედვით. იმ შემთხვევაში თუ ზომა განსხვავებულია, გირჩევთ გამოიყენოთ რბილი ბიუსტჰალტერი და შესაკრავით დაარეგულიროთ.

თუ გაკეთებული გაქვთ ორმხრივი მასტექტომია, მაშინ შეგიძლიათ ზომა თავად აირჩიოთ, იდაყვის და მხრის ზომის გათვალიწინებით.

თუ ოპერაცია გაქვთ გაკეთებული და არ გსურთ პროთეზის ტარება, გაქვთ პატარა სხვაობა ზომაში ან ფომაში, გაწუხებთ ოპერაიიცს შემდგომი ნაწიბური, მაშინ გირჩევთ შეიკეროთ რბილი ბიუსტჰალტერი, რკინის ზღუდეების (რკალების) გარეშე.

ბიუსტჰალეტერს, რომელიც მასტექტომიის შემთხვევაში იკერება, აქვს სპეციალური ჯიბე სადაც პროთეზი უნდა ჩაიდოს. ასევე, შეგიძლიათ გადააკეთოთ ჩვეულებრივი ბიუსტჰალტერი, მაგალითად ჩააკეროთ პროთეზის ჩასადები ჯიბე. იმ შემთხვევაში, თუ ჯიბე ვიწროა, პროტეზს გააფუჭებს.

10.10.13

ძუძუს პროთეზების შესახებ

ბევრს აწუხებს კითხვა, როგორ უნდა გადალახო ემოციური ბარიერი ძუძუს მთლიანი ან ნაწილობრივი მოკვეთის შემდეგ. გაღიზიანება და შიში ბუნებრივია, როცა სხეულის „ჩვეულ“ ფორმას კარგავ. თუმცა, შესაძლოა, ძუძუს პროთეზის მორგებით „სიცარიელე შეავსოთ“ და ეს ფსიქოლოგიური პრობლემაც მალე დაძლიოთ.


ძუძუს პროთეზების უმეტესობა მზადება რბილი სილიკონისგან, რომელიც თხელი პოლიეთილენის გარსითაა დაფარული და მთლიანი ძუძუს ან მისი ნაწილის ფორმა აქვს. გარე ზედაპირი პრიალაა და შეიძლება ძუძუს თავიც ჰქონდეს. შიდა მხარე, რომელიც კანს ეხება, სხვადასხვა სიმკვრივისაა და თქვენ უნდა აარჩიოთ ისეთი, რომელშიც უკეთ იგრძნობთ თავს.

პროთეზის შერჩევისას სპეციალისტი უნდა დაიხმაროთ. მორგებისას არ აჩქარდეთ, რათა დარწმუნდეთ არჩევანის სისწორეში. პროთეზი არ უნდა გიქმნიდეთ დისკომფორტს და უნდა შეესაბამებოდეს თქვენი კანის ფერს. კონსულტაცია ამ საკითხზე „გამარჯვებულ ქალთა კლუბშიც“ შეგიძლიათ მიიღოთ (ტელ: (+995) 551 55 33 81).

პროთეზის შერჩევისას, თან იქონიეთ:
  • კარგად მომდგარი ბიუსტჰალტერი;
  • სადა, ღია ფერის მომდგარი მაისური ან „ტოპიკი“. ამ სამოსით უფრო იოლია მოხდენილი პროთეზის შერჩევა. 

პროთეზები სხვადასხვა ფორმის, ზომისა და წონისაა. ზოგის ტარება ორივე მხარეს შეიძლება, ზოგს მხოლოდ მარჯვენა ან მარცხენა მხარისთვის დამახასიათებელი ფორმა აქვს, ზოგს კი უკანა მხარე აქვს ამობურცული, კანის ამოკვეთილი ქსოვილის შესავსებად.

პროთეზის წონა სხეულის ერთგვარ ბალანსს ქმნის და მორგებისას, მთავარია დისკომფორტი არ იგრძნოთ. თუ დიდი ზომის პროთეზი გჭირდებათ, შეიძლება მსუბუქს მიანიჭოთ უპირატესობა. მსუბუქი პროთეზი უფრო მოსახერხებელია ასაკოვანი ან ლიმფოსტაზის მქონე ქალებისთვის.

პროთეზის უკანა მხარე, როგორც წესი, ისეთივე მასალისგანაა დამზადებული, როგორითაც - წინა. ზოგს, მეტი კომფორტისთვის, რბილი ჩასაფენი მოჰყვება ან სილიკონის თხელი ფენა აქვს დამატებული. შესაძლებელია, „ჯიბიანი“ ბიუსტჰალტერის გამოყენებაც. 


პროთეზები მრავალფეროვანია, ზოგი ნაწილობრივი მასტექტომის დროს გამოიყენება, ზოგი - მთლიანია, ზოგი მისაწებებელია, ზოგი - ბიუსტჰალტერში ჩასადები, ზოგი ცურვისას გამოიყენება, ზოგი - აქტიური დასვენებისას, თუმცა რამდენადაა ასეთი არჩევანი ქართულ ბაზარზე, ძნელი სათქმელია.

პროთეზის მოვლა

სილიკონის პროთეზს ისე უნდა მოუაროთ, როგორც საკუთარ კანს უვლით. ყოველდღე, გარეცხეთ თბილ, საპნიან წყალში და გაამშრალეთ პირსახოცით. მისი გამოყენება შეიძლება მარილიან ან ქლორიან წყალში (ზღვაზე ან აუზზე), მაგრამ მალევე უნდა გაავლოთ სუფთა წყალში. აუცილებლად გაეცანით პროთეზის მოვლის ინსტრუქციასაც. შეეცადეთ, არ გაჩხვლიტოთ და თუ არ ხმარობთ, შეინახეთ იმ ყუთში, რომელიც ყიდვისას მოჰყვა.

პროთეზს გამოყენების ვადებიც აქვს. როგორც წესი, ის სამ წლამდე ძლებს, კარგი მოვლის შემთხვევაში.

9.10.13

ვარჯიში მხრის, ხერხემლის, წელისა და კუნთების ტკივილის დასაძლევად

ძუძუს ოპერაციის შემდეგ, ქალებს ხშირად ექმნებათ პრობლემები ხერხემლის არეში, წელის, მხრების და კუნთების ტკივილით. ქვემოთ მოცემული ვარჯიშები განკუთვნილია ამ ზონებში პრობლების მოსახსნელად. ვარჯიშები ტარდება სავარჯიშო ბურთზე ან სკამზე.

ვარჯიში #1

დაჯექით სკამზე ან სავარჯიშო ბურთზე და მოადუნეთ თავი. ხერხემალი გაასწორეთ. ორივე ხელი ერთდროულად გასწიეთ წინ და უკან.

ვარჯიში #2

დაჯექით სწორად. ორივე ხელი თავს ზემოთ ასწიეთ. რაც შეიძლება მაგრად შეკარით მუშტები და ცოტა ხანს გააჩერეთ, შემდეგ გაშალეთ. ეს ვარჯიში გაიმეორეთ ხან ზემოთ აწეული, ხან განზე გაშლილი ხელებით.

ვარჯიში #3

დაჯექით სწორად, მხრებში მოიხარეთ. ხელები ქვემოთ ჩამოუშვით. ხელის გულები უკან მოატრიალეთ, გაასწორდით და გადმოატრიალეთ ხელის გულები.

ვარჯიში #4

დაჯექით სწორად, მარცხენა ხელი მარცხენა მუხლზე დაიდეთ, ზემოდან კი დადეთ მარჯვენა. ამ მდგომარეობაში გაშლილი მარჯვენა ხელი თავს ზემოთ ასწიეთ და რაც შეიძლება უკან გადასწიეთ. ხელს მიადევნეთ თვალი. გაიმეორეთ რამდენჯერმე. იგივე შეასრულეთ მეორე მხარეს.

ვარჯიში #5

დაჯექით სწორად, ხელის თითები თავზე გადააჯვარედინეთ და ცოტა ხნით დარჩით ამ მდგომჯარეობაში. შემდეგ იდაყვები ერთმანეთთან მიზიდეთ და განზიდეთ.

დაიმახსოვრეთ მოძრაობები, რომლებიც შეგიძლიათ შეასრულოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში!
  • ხელების ‘’დაფერთხვა’’;
  • საბეჭდ მანქანაზე მუშაობის იმიტაცია (თითების თამაში);
  • წკიპურტების იმიტაცია ყოველ თითზე;
  • ზემოთ აწეული ხელის მუჭის მოჭერა-გაშლა;
  • დასვენების ან საუბრის დროს, ხელის შემაღლებული მდებარეობა, მუშტის შეკუმშვა - გაშლა;
  • ღამით, ხელის სიმაღლეზე მოთავსება.

8.10.13

ვარჯიშთა კომპლექსი III ჯგუფისთვის

ამ კომპლექსის მიზანია ლიმფის დინების მაქსიმალური გაუმჯობესება. ვარჯიში უნდა შესრულდეს რეგულარულად, დილას და საღამოს. პროცედურის დაწყების წინ, სასურველია, შესიებულ ხელზე მსუბუქი თვითმასაჟი ჩაიტაროთ. ვარჯიშებს შორის, ხშირად “დაფერთხეთ” ხელები და ღრმად ისუნთქეთ ცხვირით, ამოიუნთქეთ პირით.

ვარჯიში #1

ამ ვარჯიშისათვის საჭიროა კედელზე დავამაგროთ კაუჭი, რომელზეც ჩამოეცმევა სრიალა თოკი. ზურგი, ფეხები და მხრები მიადეთ კედელს. ხელის მტევნები ჩასჭიდეთ თოკის ბოლოებს და გააჩერეთ ხელები ტანთან მართი კუთხით გააჩერეთ. მორიგეობით, ზემოთ და ქვემოთ გააკეთეთ მოძრაობები. ჯანმრთელი ხელი უნდა ეხმარებოდეს ნაოპერავიევ ხელს.

ვარჯიში #2

დაწექით ზურგზე. ხელები იდაყვებში მოხარეთ. დაეყრდენით იდაყვებს და სხეული მაღლა წამოსწიეთ და ჩაისუნთქეთ, საწყის მდგომარეობაში დაბრუნებისას კი ამოისუნთქეთ. გაიმეორეთ 3-5 -ჯერ.

ვარჯიში #3

კედელთან ზურგით დადექით. ხელები განზე გასწიეთ და მტევნებით თოკის ბოლოები დაიჭირეთ. გაჭიმული თოკის ბოლოები მიიტანეთ ერთმანეთთან (მუშტები და იდაყვები ერთმანეთს მიუახლოვეთ). გაიმეორეთ 5-10ჯერ.

ვარჯიში #4

დაწექით ზურგზე. ხელები ტანის გასწვრივ განალაგეთ. ასწიეთ ერთი ფეხი და ჩაისუნთქეთ, დაშვებისას კი ამოისუნთქეთ. ვარჯიში გააკეთეთ ფეხების მონაცვლეობით.

ვარჯიში #5

დაწექით ზურგზე, ფეხები მოხარეთ მუხლებში. ტერფები იატაკზე მყარად მიაბჯინეთ. ხელში დაიჭირეთ ჯოხი და დაიდეთ მუცელზე. ასწიეთ ჯოხი სხეულის ზემოთ ისე, რომ იატაკზე განზე გაკრული იდაყვები თავს უკან გადავიდეს.

ვარჯიში #6

დაწექით ზურგზე. ერთი ხელი მაღლა აწვდილია, მეორე - ტანის გასწვრივ.
მონაცვლეობით, შეუცვალეთ ხელებს მდებარეობა. ვარჯიში გააკეთეთ 10-ჯერ.

ვარჯიში #7

დაჯექით ფარდაგზე, ფეხები მუხლებში გაასწორეთ, ხელები იდაყვებში მოხარეთ და დაიჭირეთ ჯოხი მხრების სიგანეზე. ასწიეთ ხელები ზემოთ და თან მოხარეთ ფეხები თეძოს და მუხლის სახსარში. ეცადეთ, მიიტანოთ მკერდთან. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. ვარჯიში გაიმეორეთ 3-5-ჯერ.

ვარჯიში #8

დაწექით ზურგზე. ხელები წინ გაწვდილია, თითები ერთმანეთში ‘’ბოქლომისებურადაა’’ გადაჭდობილი. მონაცვლეობით, გადახარეთ ხელები ტანის მარჯვნივ და მარცხნივ. გადახრის ამპლიტუდა მაქსიმალური უნდა იყოს. ისუნთქეთ თავისუფლად.

ვარჯიში #9

დაწექით ზურგზე. ფეხები მოხარეთ მუხლებში, ტერფები იატაკს მიაბჯინეთ. ნაოპერაციევ ხელში 300-500 გრამიანი ტვირთი დაიკავეთ, მეორე ხელში 2კგ-იანი ჰანტელი. მორიგეობით, გააკეთეთ ბოქსის ილეთები. გადადეთ ტვირთი გვერდზე და დაფერთხეთ ზემოთ აწეული ხელები.
ვარჯიში #10

დაწექით ზურგზე. ხელები ტანის გასწვრივაა, ფეხები - ერთად. გააკეთეთ თავის წრიული მოძრაობა, ჯერ ერთ და შემდეგ მეორე საწინააღმდეგო მხარეს. გაიმეორეთ 5-10 ჯერ.

ვარჯიში #11

დაწექით მუცელზე. ნიკაპით დაეყრდენით იატაკს, ხელები წინ გასწიეთ, დაიკავეთ ორივე ხელში ჯოხი ან ბური. ასწიეთ ხელები იატაკიდან, გააჩერეთ 3წმ. და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

ვარჯიში #12

დაწექით ზურგზე. ხელები ტანის გასწვრივაა. სრულად მოადუნეთ სხეული და კუნთები. ამ მდგომარეობაში გაჩერდით 2-3 წუთი.


















4.10.13

ვარჯიშთა კომპლექსი II ჯგუფისთვის

ეს ვარჯიში განკუთვნილია მათთვის, ვინაც მხრის სახსარში სრულად აღიდგინა მოძრაობა. იმისათვის რომ გაიზარდოს კუნთების ძალა და მოიხსნას დისკომფორტი ზურგის არეში, ვარჯიში უნდა ჩატარდეს დღეში ორჯერ და თითოეული ილეთი უნდა განმეორდეს 5-10-ჯერ. კომპლექსში შეტანილია ვარჯიშები, რომლებიც სრულდება ჯდომის ან წოლის დროს.

ვარჯიში #1

სკამს გადააჯექით ისე, რომ საზურგე სახის პირდაპირ მოექცეს. წელში გაიმართეთ, ხელები ქვემოთ ჩასწიეთ და ზურგს უკან ხის ჯოხი  დაიჭირეთ. ხელები გასწორებულია. ზურგს უკან, ჯოხის ჩაწევა ამოწევით, მოხარეთ იდაყვები და გაივარჯიშეთ მხრის სახსარი.

ვარჯიში #2

საწყისი მდგომარეობა - ფეხები შეტყუპებულია, ხელები - განზე. მარჯვენა ხელის მტევნით ჩაეჭიდეთ მარცხენა მხარეს, მარცხენათი - მარჯვენას (მტევნები რაც შეიძლება უკან მოათავსეთ). ანუ, მოეხვიეთ საკუთარ თავს. ისევ გაშალეთ ხელები განზე და გაიმეორეთ 5-10-ჯერ.

ვარჯიში #3

დაწექით ზურგზე, ხელები დაიწყვეთ მუცელზე და გასწორებული ხელები რაც შიძლება ზემოთ ასწიეთ. ეცადეთ, გადაიტანოთ თავს ზემოთ და დაალაგოთ იატაკზე. გაიმეორეთ თავიდან.

ვარჯიში #4

დაწექით ჯანმრთელ მხარეს. ასწიეთ ნაოპერაციევი ხელი და გადასწიეთ სხვადასხვა მხარეს, ასწიეთ მაღლა და დაუშვით.

ვარჯიში #5

დაწექით მუცელზე, ხელები განზე გასწიეთ, ასწიეთ და გადააჯვარედინეთ. უკან, კისერთან იდაყვები დააშორეთ იატაკს და შემდეგ ხელების ისევ განზე გაშალეთ. 

ვარჯიში #6

დაწექით მუცელზე. წინ გასწიეთ გასწორებული ხელები და აიტანეთ მაღლა ტაშის დაკვრამდე და ისევ დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

ვარჯიში #7

დაწექით მუცელზე, ხელები განზე გაშალეთ. ორივე ხელი გადააჯვარედინეთ ზურგზე და დააწყვეთ რაც შეიძლება ქვემოთ (აქეთ-იქით). 3 ჯერ აიწიეთ მთელი ტანით მაღლა და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. გაიმეორეთ 3-4-ჯერ.

ვარჯიში #8

დაწექით ზურგზე, მუხლები მოხარეთ. ორივე ხელით დაიჭირეთ ხის ჯოხი და მუხლებთან დაიდეთ. გასწორებული ხელებით გადაიტანეთ ჯოხი თავს ზემოთ იატაკზე. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 3 წამი და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.
გააკეთეთ ნელი ტემპით.

ვარჯიში #9

დაწექით ზურგზე, ხელები განზე გაშალეთ. ფეხები ერთმანეთთან მიიტანეთ და მუხლებში მოხარეთ. მოხრილი ფეხები გადახარეთ მარცხნივ, თავი კი მარჯვნივ. ეცადეთ, მუხლებით მსიწვდეთ იატაკს. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 3 წამი. იგივე გაიმეორეთ მეორე მხარეს.

ვარჯიში #10
დაწექით ზურგზე, ხელები იატაკიდან 90 გრადუსით ასწიეთ. ხელის მტევნებით გააკეთეთ წრიული მოძრაობები, ჯერ საათის ისრის მიმართულებით და შემდეგ საწინააღმდეგოდ.

ვარჯიში #11

დაწექით გვერდზე, ერთი ხელი თავქვეშ დაიდეთ, ასწიეთ მეორე ხელი ვერტიკალურად
და გააჩერეთ 3 წამით. იგევე გაიმეორეთ მეორე ხელით.

ვარჯიში #12

დადექით სწორად, ფეხები მხრების სიგანეზე გადგით. ბურთი ააგდეთ მაღლა და ორივე ხელით დაიჭირეთ. გაიმეორეთ 5-10 ჯერ.


3.10.13

ვარჯიშთა კომპლექსი I ჯგუფისთვის

პირველი ჯგუფის ვარჯიშები პოსტოპერაციული პერიოდისთვისაა განკუთვნილი და იწყება ოპერაციდან მე-7-8 დდღეს, სახსრის მოძრაობის სრულ აღდგენამდე.

ვარჯიში #1 - თმის დავარცხნა

თავი დაიჭირეთ სწორად, გვერდზე არ გადახაროთ. მტკივანი ხელით აიღეთ სავარცხელი და დაიწყეთ ნახევარი თავის დავარცხნა. ნელ-ნელა გადადით მეორე ნახევარზე. არ გადატვირთოთ ხელი, მაგრამ ეცაცდეთ ყოველდღე სულ უფრო მეტ არეს მიაღწიოთ.

ვარჯიში #2 - აზღუდის შეკვრა

ხელი წაიღეთ უკან და ეცადეთ მოწვდეთ აზღუდის შესაკრავს.

ვარჯიში #3

ნაოპერაციევ ხელში დაიჭირეთ რეზინის პატარა, რბილი ბურთი და მოუჭირეთ. თანდათან გაზარდეთ მოჭერის ძალა.
ვარჯიში #4

დაჯექით სკამზე, ჯანმრთელი ხელი სკამის საზურგეს დაადეთ და შუბლი დააყრდენით. ჩამოკიდეთ მტკივანი ხელი დაბლა და მოადუნეთ – გაიქნით წინ-უკან, შემოხაზეთ პატარა წრეები. შემდგომში როცა დაჭიმულობა მოიხსნება – გაზარდეთ მოძრაობის ამპლიტუდა და წრის დიამეტრიც.

ვარჯიში #5 - კედელზე ცოცვა

სახით კედლისკენ დადექით. ფეხები მხრების სიგანეზე გადგით. მიადეთ ხელის მტევნები კედელს და თითების კიბე-კიბე მოძრაობით ნელ-ნელა, ააცოცეთ მკლავები მაღლა, შემდეგ დაუშვით და გაიმეორეთ რემდენჯერმე. ყოველდღიურად მოუმატეთ "აცოცების" სიმაღლეს, სანამ მტკივანი ხელი ჯანმრთელის დონეზე არ აიწევა. 

ვარჯიში #6 - კარის სახელური

კარის სახელურს გამოაბით თოკი. მოიკიდეთ მტკივანი ხელი და დაიწყეთ ბრუნვითი მოძრაობა. დასაწყისში წრეები პატარა იქნება. თანდათანობით გაზარდეთ ბრუნვების რაოდენობა და წრის დიამეტრი.

ვარჯიში #7 - საფულის გადაწოდება

ხელში დაიჭირეთ პატარა საფულე ან მსგავსი მსუბუქი ნივთი. მარცხენა ხელი გადადეთ მარჯვენა მხარს უკან, მარჯვენა ხელით ეცადეთ ზურგის მხრიდან მიწვდეთ და ჩამოარრთვან მარცხენას ნივთი. შემდეგ შეცვალეთ ხელები და გაიმეორეთ იგივე ვარჯიში.

ვარჯიში #8 - მხრის წრეები

მხრებით შეასრულეთ წრიული მოძრაობები. გადასწიეთ მხრის თავი უფრო მეტად უკან ვიდრე წინ.

ვარჯიში #9 - ჯოხით ვარჯიში

ორივე ხელი ჩასჭიდეთ ჯოხის ბოლოებს და ეცადეთ, რაც შეიძლება მაღლა ასწიოთ. გადაიტანეთ ჯოხი ზურგზე და ეცადეთ, მწყემსივით გადაჰკიდოთ ორივე ხელის მტევანი ჯოხის ბოლოებზე.

ვარჯიში #10 - ზურგის დახეხვა

პირსახოცით გააკეთეთ მსუბუქი მოძრაობა, რომელიც მოგვაგონებს ბნაობისას ზურგის დახეხვას. შეცვალეთ ხელები და გაიმეორეთ იგივე. 

ვარჯიში #11 - მხრების მოძრაობა

ნელა ასწიეთ და დასწიეთ ორივე მხარი, შემდეგ მხრები ასწიეთ რიგრიგობით - ჯერ ჯანმრთელი, შემდეგ მეორე მხარე.

2.10.13

ვარჯიში ძუძუს ოპერაციის შემდეგ

რაში გამოიხატება ვარჯიშის და მასაჟის კეთილისმყოფელი ზეგავლენა?
  • აუმჯობესებს ლიმფის და ვენური სისხლის მიმოქცევას ნაოპერაციევი კიდურის მხარეს;
  • ზრდის კუნთების ძალას და აუმჯობესებს მათ კვებას სისხლით;
  • ზრდის მოძრაობის ამპლიტუდას მხრის სარტყელში;
  • ახდენს კორექციას ხერხემლისა და ზურგის არეში და შეძლებისდაგვარად, აღადგენს დარღვეულ ტანადობას;
  • სისხლის მიმოქცევის და ლიმფის დინების მოწესრიგება თავიდან აგაცილებთ შეშუპებას, წვას, ტკივილს, დაბუჟების შეგრძნებას.
ქიმიო ან სხივური თერაპია არ წარმოადგენს უკუჩვენებას ვარჯიშის ან მასაჟის წინააღმდეგ, მაგრამ მზედველობაშია მისაღები თვით პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მოცემული მომენტისათვის. მდომარეობის გაუმჯობესებისთანავე ფიზიკური აქტივობა უნდა განახლდეს.

დაიმახსოვრეთ!
  • ვარჯიშმა ან მასაჟმა არ უნდა გამოიწვიოს ტკივილი ან დისკომფორტი;
  • სახსარში მოძრაობის ამპლიტუდა დღითი დღე უნდა გაზარდოთ;
  • ვარჯიშებს შორის, აუცილებელია პრობლემური ხელის დასვენება, ზემოთ აწევა და ხელის მტევნის “ენერგიული” დაფერთხვა;
  • ვარჯიშები და მასაჟის პროცედურები სრულდება დღეში ორჯერ, დილით
  • და საღამოს, 30წთ-ის განმავლობაში. თითოეული ილეთი გააკეთეთ 6-ჯერ ან 10-ჯერ (შესაძლებლობის მიხედვით);
  • ყურადღება მიაქციეთ სწორ სუნთქვას - ცხვირით ღრმა ჩასუნთქვას, ილეთის დასაწყისში და პირით გაგრძელებულ ამოსუნთქვას, ილეთის დასასრულს. ვარჯიშის და სუნთქვის რიტმი თანხვედრი უნდა იყოს; 
  • ვარჯიშის და მასაჟის შუალედებში 3-4-ჯერ შეასრულეთ მარტო სუნთქვითი ვარჯიში, ზემოაღწერილი მითითებებით.
ვარჯიშთა კომპლექსი, რომელიც გამოიყენება რეაბილიტაციის დროს, იყოფა 3 ჯგუფად:
  • პირველი ჯგუფი – პოსტოპერაციული, რომელიც იწყება ოპერაციდან მე-7-8 დდღეს, სახსრის მოძრაობის სრულ აღდგენამდე;
  • მეორე ჯგუფი – ლიმფოსტაზის პროპროფილაქტიკისთვის სახსრის მოძრაობის აღდგენიდან, მთელი ცხოვრების განმავლობაში;
  • მესამე ჯგუფი- ჩამოყალიბებული შეშუპების და ლიმფოსტაზის დროს, რომელთა შემთხვევაში ვარჯიშთა და მასაჟის ციკლი გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში.
გამოიჩინეთ ნებისყოფა, ივარჯიშეთ და მასაჟი გააკეთეთ სისტემატიურად. მიღებული შედეგები თავად დაგარწმუნებთ ფიზიკური აქტივობის აუცილებლობაში.