ძუძუს კიბოს მკურნალობამ შეიძლება თმის, წამწამების,
წარბების ცვენა გამოიწვიოს. ზოგი მზადაა ამისთვის, ზოგი თანდათან ეგუება, ზოგს კი გაცვენილი
თმა მუდმივად ახსენებს დიაგნოზს. თუმცა, როდესაც ადამიანმა მეტი იცის ამ პრობლემის შესახებ,
მასთან გამკლავება უადვილდება. ჩვენც თმის ცვენის რამდენიმე აქსპექტს შევეხებით, რომ
მეტი სასარგებლო რჩევა და ინფორმაცია გქონდეთ.
ქიმიოთერაპია
ქიმიოთერაპიის დროს, ზოგს ცვივა თმა, ზოგს - არა, ზოგს
მხოლოდ თმა უთხელდება. ეს დამოკიდებულია მედიკამენტსა და მის დოზაზე, ასევე ადამიანის
ორგანიზმზე. არსებობს ე.წ. „გამაგრილებელი ქუდი“, რომელსაც თავზე იხურავენ და ის ხელს
უშლის სისხლის მიწოდებას თმის ძირებამდე. შესაბამისად ქიმიოთერაპიული მედიკამენტების
გავლენა მცირდება და თმა ან აღარ ცვივა ან ცვენა მცირდება. თუმცა ესეც ინდივიდუალურია
და შეიძლება არ იმუშაოს.
თმის ცვენის თავიდან ასაცილებლად, მიმართავენ „ხალხურ“ მეთოდსაც - რეზინს შემოიჭერენ შუბლზე, რაც
ასევე უშლის ხელს სისხლის მიწოდებას თმის ძირებამდე.
რადიოთერაპია
რადიოთერაპიის დროს თმის ცვენა გარდაუვალია, მაგრამ
მხოლოდ იმ ადგილიდან, რომლის დასხივებაც ხდება.
ჰორმონოთერაპია
ჰორმონოთერაპიული მედიკამენტების ნაწილსაც შეუძლიათ
თმაზე გავლენის მოხდენა, ოღონდ ძირითად შემთხვევაში ის თმის შეთხელებას იწვევს.
როდესაც თმა ცვენას
იწყებს
თმის ცვენა შეიძლება მოულოდნელად დაიწყოს, თუმცა როგორც
წესი, ნელ-ნელა ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან ორი-სამი კვირის შემდეგ. მიუხედავად
იმისა, შემზადებული ხართ თუ არა ამ პროცესისთვის, პირველი რეაქცია შეიძლება შოკისმომგვრელი
იყოს.
აქ, რამდენიმე რჩევაა, რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ:
- შეიძლება თმა მოკლედ შეიჭრათ ან გადაიპარსოთ, მკურნალობის დაწყებამდე;
- ატარეთ რბილი ქსოვილის ქუდი ან თავშალი, ჩამოცვენილი თმა რომ არ გაიფანტოს;
- თუ არ აპირებთ თავზე რამის დახურვას, გამოიყენეთ დამცავი საცხი, რადგან კანი ძალზე მგრძნობიარე ხდება;
- თუ თავის კანი გამომშრალია ან აქერცლილი, გამოიყენეთ დამატენიანებელი, როგორიცაა ნუშის ან ზეითუნის ზეთი;
- თუ თმა იღლიაში გაგცვივდათ, არ გამოიყენოთ დეოდორანტები და ტალკი.
რომელი თავსაბურავი
ჯობია?
ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ზოგს პარიკი მოსწონს,
ზოგს - თავშალი, ზოგს - ქუდი. ამის სხვადასხვა მიზეზიც არსებობს, დაწყებული იქიდან
თუ „რას იტყვის ხალხი“ და დამთავრებული იმით, თუ რამდენად თბილი ან მძიმეა თავსაბურავი.
შესაბამისად, შეიძლება პარიკი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შემოიტოვოთ, თავშალი
ან ქუდი კი ყოველდღიურ საქმეში გამოიყენოთ.