13.9.13

ჭრილობის მოვლა ძუძუს ოპერაციის შემდეგ

ძუძუს ოპერაციის შემდეგ, ოპერაციის მასშტაბების მიუხედავად, მნიშვნელოვანია ჭრილობის მოვლა. ამიტომ ჰკითხეთ ექიმს, როგორ უნდა დაიმუშავოთ ჭრილობა სახლის პირობებში და შეასრულეთ მითითებები, რომლებიც მის მოსავლელად მნიშვნელოვანია. შესაძლოა, დრენაჟების მოცილების შემდეგ გამოგწერონ საავადმყოფოდან ან სახლში დრენაჟით დაბრუნდეთ. ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ოპერაციის სირთულეზე. როდესაც ჭრილობიდან სითხის გამონადენი იკლებს, დრენაჟის მოცილებაც მაშინ ხდება. როგორც წესი, ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დრენაჟს ერთი კვირის შემდეგ აშორებენ. დრენაჟის მოცილება, ზოგისთვის მტკივნეულია და შესაძლოა, მცირე გაყუჩება გახდეს საჭირო.

ჭრილობის სრულ მოშუშებას 6-8 კვირა უნდა, თუმცა ძუძუს, ხელსა და მკლავს ისევ „ჩვეულებრივი“ შეგრძნებები რომ დაუბრუნდეს, შეიძლება ამისთვის რამდენიმე თვე დაგჭირდეთ (განსაკუთრებით მაშინ, თუ ქირურგიული ჩარევა მკლავქვეშაც მოხდა).
ჭრილობის მოვლისთვის მნიშვნელობა აქვს ტანსაცმელსა და ბიუსტჰალტერსაც. 

ჭრილობის შეხორცებამდე ან დისკომფორტის გავლამდე, უმჯობესია ისეთი სამოსი, რომელიც წინიდან ღილებით ან ელვა-შესაკრავით იხსნება. თავიდან, ხელის მაღლა აწევა მტკივნეულია და დახურული სამოსის გახდა-ჩაცმა გაგიჭირდებათ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ზედატანი იღლიებში თავისუფლად გქონდეთ მორგებული და არ გიჭერდეთ.

მნიშვნელოვანია, ბიუსტჰალტერში კომფორტულად იგრძნოთ თავი. უფრო გამოგადგებათ ისეთი, რომელსაც შესაკრავი წინ აქვს. უხეში მატერიისგან შეკერილი ჭრილობას გააღიზიანებს. ზოგი, ოპერაციის შემდგომ, დიდი ზომის ბიუსტჰალტერსაც ატარებს, სანამ შეშუპება დაცხრება. 

რჩევებს ექიმიც მოგცემთ, ის გეტყვით რა ტიპის ბიუსტჰალტერია თქვენთვის მიზანშეწონილი და როდის დაიწყოთ მისი ტარება. 

No comments:

Post a Comment