საავადმყოფოდან სახლში დაბრუნებამ, შესაძლოა, სხვადასხვა
ემოციები გამოიწვიოს. შეიძლება, ოპერაციის დასრულების გამო გულზე მოგეშვათ, მაგრამ
არ გაგიაროთ შფოთვამ, რადგან ოპერაციის შედეგად ამოკვეთილი ქსოვილების ლაბორატორიული შემოწმების პასუხებს ელოდებით; შეიძლება,
თავი იზოლირებულად ან დაუცველად იგრძნოთ, რადგან სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის
ქვეშ აღარ იმყოფებით. ასეთ შემთხვევაში, დარეკეთ „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ცხელ ხაზზე
(599 551 55 33 81) და თქვენთვის საინტერესო
კითხვაზე პაასუხს გაგცემენ.
საავადმყოფოდან დაბრუნების შემდეგ, შეგიძლიათ, ჩვეულ
ფიზიკურ აქტივობებს დაუბრუნდეთ, მაგრამ ყოველდღიურ საქმიანობაში უამრავ ამოცანას ნუ
დაისახავთ მიზნად და მათი შესრულების დროს არ დაგავიწყდეთ დასვენება – თქვენს სხეულს
აღსადგენად დრო და ენერგია სჭირდება. კარგი კვება ძალის აღდგენასა და ჭრილობის მოშუშებას
უწყობს ხელს, თუმცა გახსოვდეთ, რომ დიეტური საკვები უფრო მოგიხდებათ.
ყოველდღიური საქმიანობა
ჭრილობის სრულ მოშუშებამდე, როგორც წესი, მძიმე საგნების
აწევა არაა მიზანშეწონილი. თქვენი ჩვეული საქმიანობის უმეტესობის შესრულებას რამდენიმე
კვირაში შეძლებთ, თუმცა ესეც ინდივიდუალურია და ოპერაციის მოცულობაზეა დამოკიდებული.
თავიდან, საგნები ფრთხილად ასწიეთ. მეტი აქტიურობისას, შეიძლება, მეტი დისკომფორტი
შეგექმნათ, თუმცა დროთა განმავლობაში, ყველაფერი გადის. თუ ტკივილს გამაყუჩებელი მედიკამენტებით
ვერ შველით, მიმართეთ ექიმს.
ავტომობილის მართვა
ავტომობილის მართვისას, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ
რთული მანევრისას საჭის დამორჩილებას შეძლებთ. უსაფრთხოების ღვედმა, შესაძლოა, ჭრილობა
ან ნაიარევი გააღიზიანოს, ამიტომ კარგი იქნება ღვედი რბილი ქსოვილით შეფუთოთ. ამისთვის,
მცირე ზომის ბალიშიც გამოგადგებათ.
სამსახური
როდის დაუბრუნდებით სამსახურს, სამუშაოს სიმძიმეზეა
დამოკიდებული, ამიტომ მნიშვნელოვანია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
მკლავისა და მხრის
ვარჯიშები
საავადმყოფოში ექიმი შეგირჩევთ მხრისა და მკლავის ვარჯიშებს,
რომლებიც უფრო უნდა გაართულოთ დრენაჟის მოცილების შემდეგ. თუ ვარჯიში დისკომფორტს გიქმნით,
შეიძლება, ნახევარი საათით ადრე გამაყუჩებლის მიღებამ ტკივილი მოგიხსნათ. ექიმების
ნაწილი, ამ ვარჯიშების კეთებას ორი წლის განმავლობაში გირჩევენ, ნაწილი – მუდმივად.
სპორტი
მხრისა და მკლავის ვარჯიშების მსგავსად, სასარგებლოა
სხვა ფიზიკური აქტივობებიც. კარგია სეირნობა,
მაგრამ თუ ცურვა ან იოგა გსურთ, მკურნალ ექიმს ჰკითხეთ, როდის აჯობებს დაწყება. მასთანვე გაიარეთ კონსულტაცია,
თუ ტრენაჟორების გამოყენებით აპირებთ ვარჯიშს.
უძლურება-მოთენთილობა
უძლურება-მოთენთილობა დაღლილობისგან განსხვავდება, მას მკურნალობის
დროს ან შემდეგ გრძნობენ და შეიძლება, რამდენიმე კვირა ან თვე გაგრძელდეს. ამიტომ,
როცა შესაძლებელია, საგნები ფრთხილად, ძალის დაუტანებლად ასწიეთ. შეეცადეთ, ყურადღება
გადაიტანოთ ოჯახის წევრებზე, საშიანაო საქმეზე, საყიდლებზე და სხვა...
მსუბუქი ვარჯიში დაგეხმარებათ სისუსტის დაძლევაში მაშინაც კი, თუ ამის გაკეთებას შეუძლებლად
მიიჩნევთ.
განიხილეთ სამსახურში დაბრუნების შესაძლებლობაც. თუ
დამქირავებელი ხელს შეგიწყობთ, თავიდან ნახევარ განაკვეთზე მუშაობა მოსინჯეთ. ეს გულის
გადაყოლების კარგი საშუალებაა.
ფსიქოლოგიური
აღდგენის პროცესი
ნაოპერაციევთა ემოციები, გამოჯანსაღების სხვადასხვა
ეტაპზე, სხვადასხვაგვარია. საავადმყოფოს დატოვების შემდეგ, შესაძლოა, თქვენმა ახლობლებმა
ჩათვალონ, რომ უკვე ყველაფერმა ჩაიარა, თუმცა თქვენ შეიძლება, დაავადებასთან ბრძოლაში
თავი მარტო იგრძნოთ. ამიტომ, აუცილებლად ესაუბრეთ თქვენს მდგომარეობაზე ოჯახის წევრებს.
ისინი მხარში ამოგიდგებიან. შეიძლება, ამჯობინოთ ისეთ ადამიანთან „გულის გადაშლა“,
ვინაც ეს ყველაფერი უკვე გაიარა. სწორედ ასეთი ქალბატონების გაერთიანებაა „გამარჯვებულ
ქალთა კლუბი“, რომლის ნომერია 599 551 55 33 81. კლუბის წევრები მოგცემენ ბევრ
სასარგებლო რჩევას, რაც ფსიქო–ემოციური სირთულეების
დაძლევაში დაგეხმარებათ.
ძალიან მომეწონა თქვენი სტატია. მადლობა.
ReplyDelete