ქიმიოთერაპია ინტრავენური (გადასხვა
ვენიდან) ან პერორალურია (აბის ან კაფსულის მიღება), თუმცა ორივე შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს გვერდითი მოვლენები. ქიმიოთერაპიული მედიკამენტები ავთვისებიანი
უჯრედების დაყოფასა და გამრავლებას უშლის ხელს. ამავე დროს, ჯანმრთელ უჯრედებსაც
ეშლებათ ხელი დაყოფა-გამრავლებაში, რაც გვერდით მოვლენებს იწვევს. რადგან ჯანმრთელ
უჯრედებს სწრაფი აღდგენის უნარი აქვთ, გვერდითი მოვლენებიც მალე გაივლის.
ქიმიოთერაპია ყველა ადამიანზე
სხვადასხვაგვარად მოქმედებს. ზოგს მეტად აწუხებს გვერდითი მოვლენები, ზოგს -
ნაკლებად. ყველა მედიკამენტს განსხვავებული გვერდითი მოვლენები აქვს, თუმცა ქვემოთ
ყველაზე მეტად გავრცელებულებზე ვისაუბრებთ.
გულისრევა და პირღებინება
გულისრევის შეგრძნება შეიძლება განვითარდეს ქიმიოთერაპიის დასრულებისთანავე
ან რამდენიმე საათის შემდეგ და გაგრძელდეს რამდენიმე საათი ან დღე. ამ პროცესის
კონტროლი ან შემსუბუქება გულისრევის საწინააღმდეგო მედიკამენტებით შეიძლება. თუ ერთი
რომელიმე პრეპარატი არ გშველით, ის შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ აუცილებლად უთხარით
ქიმიოთერაპევტს თუ გულისრევა და პირღებინება არ მცირდება.
დაზიანებები პირის ღრუში
შესაძლოა, განვითარდეს პირის ღრუს დაზიანებები, წყლულები ან პირის სიმშრალე.
შესაბამისად, მკურნალობის დროს, პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა მნიშვნელოვანია. კბილები რბილი ჯაგრისით გაიხეხეთ. ეცადეთ, პირის
ღრუ არ გაგიშრეთ. ამისთვის გამოივლეთ უალკოჰოლო სავლები, ან რეგულარულად,
ყლუპ-ყლუპად მიიღეთ წყალი. თუ უკვე დაზიანებული გაქვთ კბილი ან პირის ღრუ,
ქიმიოთერაპიის დაწყებამდე, მისი მოწესრიგება წაგადგებათ.
თმისცვენა
შეიძლება, თმისცვენა ყველაზე დამთრგუნველი აღმოჩნდეს. როგორც წესი, ის
იწყება მკურნალობის დაწყებიდან მეორე-მესამე კვირას, თუმცა შეიძლება თმისცვენა უცებაც
დაიწყოს. შესაძლოა, თმასთან ერთად, დაკარგოთ წარბებიცა და წამწამებიც.
ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ თმა ისევ ამოვა.
ძვლის ტვინის დათრგუნვა
ქიმიოთერაპიამ შეიძლება გავლენა იქონიოს ძვლის ტვინზე, რომელიც სისხლმბადი
ორგანოა. ყოველი კურსის წინ სისხლის ანალიზს აგიღებენ, რათა განისაზღვროს, რამდენად
უსაფრთხო ზღვარზეა სისხლის უჯრედების რაოდენობა. ზოგჯერ, ის იმდენად მცირდება, რომ
ქიმიოთერაპიის კურსის გადადებაა საჭირო, თუმცა მათი აღდგენა მალევე ხდება და
თერაპიის განახლებაც ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება.
ქიმიოთერაპიამ შეიძლება სისხლის თეთრ უჯრედებზეც იქონიოს გავლენა, რაც ზოგჯერ
ინფექციის განვითარების მიზეზი ხდება. თუ ინფექციის სიმპტომები (38°C სიცხე, ყელის
ტკივილი და სხვ.) გაქვთ, აუცილებლად შეატყობინეთ ქიმიოთერაპევტს.
თრომბოციტების შემცირების გამო, შეიძლება, ცხვირიდან ან ღრძილებიდან
სისხლდენა განვითარდეს. ესეც, აუცილებლად, აცნობეთ სამედიცინო პერსონალს.
გადაღლილობა (უძლურება)
მკურნალობისას, შესაძლოა ძალზე გადაიღალოთ. ზოგჯერ, ქიმიოთერაპიას თან
სდევს ანემია, სისხლის წითელი უჯრედების შემცირების გამო. თუ გრძნობთ უძლურებას,
სუნთქვის გაძნელებას, თავბრუსხვევას, აცნობეთ ქიმიოთერაპევტს. შესაძლოა, ამის გამო,
სისხლის გადასხმა დაგჭირდეთ.
მაშინაც კი, თუ სისხლი ნორმაშია, უძლურება შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს.
არაა გამორიცხული, რომ თერაპიამ გავლენა მოახდინოს თქვენი კონცენტრაციისა და საღი აზროვნების
უნარზეც.
თვალის ანთება და სურდო
პრეპარატი 5FU, ხანდახან, იწვევს თვალის ანთებას და სურდოს. ტკივილის
შემცირება თვალის წვეთებით შეიძლება. რჩევა ექიმს ჰკითხეთ, რადგან თვალის
პრეპარატების დანიშნულების გარეშე ყიდვა რეკომენდებული არ არის.
დიარეა (ფაღარათი)
თერაპია იწვევს დიარეასაც, თუმცა მისი კონტროლი, ექიმთან შეთანხმებით,
შესაბამისი მედიკამენტით შეიძლება. მიმართეთ მათ, თუ დღე-ღამეში მინიმუმ 4-ჯერ
აგეშალათ კუჭი. გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად, აუცილებლად მიიღეთ ბევრი სითხე.
უროლოგიური პრობლემები
აუცილებლად მიიღეთ ბევრი სითხე, რადგან ქიმიოთერაპიული მედიკამენტები
შარდის ბუშტის ლორწოვან გარსს აზიანებენ. შარდვისას ნებისმიერი დისკომფორტის ან შარდ-სასქესო
სისტემის ნებისმიერი სახის გაღიზიანების შესახებ აცნობეთ ექიმს.
შესაძლოა, თერაპიის ჩატარებიდან 24 საათის განმავლობაში, პრეპარატმა „ეპირუბიცინმა“
შარდის გაწითლება გამოიწვიოს, თუმცა ეს მედიკამენტის ჩვეულებრივი გვერდითი ეფექტია.
უშვილობა
ქიმიოთერაპიის
მსველელობისას, ზოგიერთ ახლგაზრდა ქალბატონს შესაძლოა მენსტრუალური ციკლი დაერღვეს
ან მკურნალობის პერიოდში დროებით შეწყდეს. ზოგიერთ შემთხვევაში, მენსტრუალური ციკლი
საერთოდ წყდება, რაც პირდაპირი მაჩვენებელია უშვილობის. ზემოაღნიშნული სიმპტომების განვითარების ალბათობა დამოკიდებულია
იმაზე, თუ რა ასაკისაა პაციენტი და რა პრეპარატით
მიმდინარეობს მკურნალობა.
ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარების შემდგომ, მენსტრუალური
ციკლის აღდგენის უფრო მეტი შანსი აქვთ ახალგაზრდა ქალბატონებს, ვიდრე პაციენტებს, რომელთა ასაკი 35 წელზე ზემოთაა.
იმ შემთხვევაში თუ პაციენტს სურს კურსის შემდგომ დაფეხმძიმება,
აუცილებელია თერაპიის დაწყებამდე ექიმთან კონსულტაცია.
მენოპაუზის სიმპტომები
ქიმიოთერაპიის კურსმა შეიძლება გამოიწვიოს
ციკლის დარღვევა. მკურნალობის დროს, შესაძლოა, მენსტრუალური ციკლი საერთოდ შეწყდეს ან არარეგულარული გახდეს. მენოპაუზის სიმპტომისათვის დამახასიათებელია სქესობრივი ლტოლვის შემცირება,
ალები და ხასიათის ცვლილება. ესტროგენის დაბალი მაჩვენებელი, რომელიც ადრეული
მენოპაუზის ფონზე ვითარდება, მიანიშნებს ოსტეოპოროზის ჩამოყალიბების რისკზე.
თუ თქვენ გაქვთ ზემოაღნიშნულილ სიმპტომები
აუცილებლად მიმრთეთ ექიმს.
No comments:
Post a Comment