9.9.13

ძუძუს ონკოქირურგია

დღეიდან, ვიწყებთ გამოქვეყნებას სტატიების ციკლისა, რომელიც უკავშირდება ძუძუს კიბოს, ოპერაციამდე და ოპერაციისშემდგომ გამოჯანმრთელებამდე. შესაძლოა, აქ თქვენთვის ან თქვენი ახლობლისთვის სასარგებლო ინფორმაციას წააწყდეთ. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, რომ ეს სტატიები აკადემიურ ნაშრომებს დაემსგავსოს, ამიტომ მოგვიტევოს ყველამ, თუ სამეცნიერო ენას, ქართულად საუბარი ვამჯობინეთ :)  

ახლა კი ძუძუს ქირურგიას შევეხოთ.


ძუძუს ონკოქირურგიული ოპერაციის სახეები

ქირურგიული ოპერაციის მიზანია, ავთვისებიან სიმსივნესთან ერთად, ამოიკვეთოს მომიჯნავე ჯანმრთელი უჯრედებიც, რათა შემცირდეს კიბოს ხელახალი განვითარების (ლოკალური რეციდივი) რისკი  და მისი ნებისმიერი გავრცელების ალბათობა.

ხანდახან, ოპერაციამდე, პაციენტს ქიმიოთერაპიის ან ჰორმონოთერაპიის კურსს უნიშნავენ. ამ მეთოდით, შესაძლებელია, ავთვისებიანი სიმსივნე ზომაში შემცირდეს და შესაბამისად, დიდი მოცულობის ოპერაციის ჩატარება აღარ გახდეს საჭირო.

არსებობს ძუძუს დამზოგავი (შემანარჩუნებელი) ოპერაცია და მასტექტომია (მოკვეთა).

ძუძუს დამზოგავი (შემანარჩუნებელი) ოპერაცია

ძუძუს დამზოგავი (შემანარჩუნებელი) ოპერაციის დროს, ხშირად, ავთვისებიანი სიმსივნისა და მის გარშემო ჯანსაღი ქსოვილების ლოკალური ამოკვეთა ხდება.

უფრო იშვიათია კვადრანტექტომია, როდესაც ძუძუს თითქმის მეოთხედია მოკვეთილი. ამ ოპერაციის შემდგომ, ძუძუ უფრო პატარავდება და შესაძლოა, დაეტყოს ჩაღრმავებები, ქსოვილების ამოკვეთის გამო.

არსებობს, ონკოპლასტიკური ქირურგიის მეთოდებიც, რომლის დროსაც ავთვისებიანი სიმსივნის ამოკვეთასთან ერთად, ქსოვილის პლასტიკური რეკონსტრუქციაც ხდება. შედეგად, შესაძლებელია, აღარ გამოჩნდეს ოპერაციის კვალი, შენარჩუნდეს ძუძუს ფორმა და სიმეტრია.  

მასტექტომია

ჩვეულებრივი მასტექტომიის დროს, ძუძუ მთლიანადაა მოკვეთილი, თუმცა ლიმფური კვანძები და სხვა კუნთები ხელუხლებელია. ჩვეულებრივ მასტექტომიას ხშირად მიმართავენ მაშინ, როდესაც დიაგნოზია სადინროვანი კარცინომა (ductal carcinoma in situ) ანუ ავთვისაბიანი სიმსივნე არ არის ინვაზიური (ჩაზრდილი არსადაა).

რადიკალური მასტექტომიის დროს, ძუძუს მთლიან მოკვეთასთან ერთად, მკლავქვეშ რამდენიმე ლუმფური კვანძის ამოღებაც ხდება.

მასტექტომიის დროს შესაძლებელია, ძუძუს პლასტიკური რეკონსტრუქციაც. შესაძლოა, კოსმეტიკური ოპერაცია, სამედიცინო მოსაზრებებით, რამდენიმე თვის ან წლის შემდეგაც გაკეთდეს.

როგორ ხდება ოპერაციის მეთოდის შერჩევა?

ოპერაციის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია კიბოს სახეობაზე, ზომაზე, მდებარეობაზე და იმაზე, თუ მის ახლოს რამდენი ქსოვილია მოსაშორებელი. მნიშვნელობა აქვს, ასევე, ძუძუს ზომასაც.

ქირურგმა შესაძლოა შემოგთავაზოთ:
  1. ძუძუს დამზოგავი (შემანარჩუნებელი) ოპერაცია იმ შემთხვევაში, თუ კიბოს ხელახალი განვითარების რისკი არ არსებობს;
  2. მასტექტომია – ძუძუს მთლიანი მოკვეთა.
მასტექტომიას შესაძლოა უპირატესობა მიენიჭოს, თუ:
  • ძუძუ მცირე ზომისაა და, ძუძუს დამზოგავი ოპერაციის შემდეგ, ის ძალზე უხეშ ფორმებს შეიძენს;
  • კიბომ ძუძუს დიდი ნაწილი მოიცვა;
  • ძუძუში რამდენიმე ავთვისებიანი წარმონაქმნია;
  • ავთვისებიანი სიმსივნე ძუძუს ცენტრში და, უშუალოდ, ძუძუსთავის უკან მდებარეობს.
თუ ქირურგი მასტექტომიას უპირატესობას ანიჭებს, მან უნდა აგიხსნათ, რატომაა ეს საჭირო. ამან შესაძლოა, თქვენი გადაწყვეტილება მასტექტომიის „სასარგებლოდ“ შეცვალოს.

ლიმფური კვანძების მოცილება

ინვაზიური (ჩაზრდილი) ძუძუს კიბოს შემთხვევაში, რეკომენდებულია, მკლავქვეშა (იღლიის ფოსო) ლიმფური კვანძების ნაწილობრივი ან სრული მოცილება, რათა დადგინდეს, ხომ არ შეიცავენ ისინი ავთვისებიან უჯრედებს. ამის განსაზღვრა შესაძლებელია ლიმფური კვანძების ბიოფსიითაც, რაც მნიშვნელოვანია დამატებითი ქირურგიული სტრატეგიის ან შემდგომი მკურნალობის დასაგეგმად.

ე.წ. მოდარაჯე ლიმფური კვანძების ბიოფსია, შესაძლოა, გაკეთდეს ოპერაციამდე ან უშუალოდ ოპერაციის დროს. ეს დამოკიდებულია სამედიცინო დაწესებულების ტექნიკურ შესაძლებლობებზე. თუ პასუხი ოპერაციის შემდგომ გამზადდება და ლიმფური კვანძების სრული ამოკვეთა აუცილებელი გახდება, პაციენტს მეორე ოპერაცია დასჭირდება. თუ პასუხი ოპერაციამდე ან ოპერაციის დროს იქნება, ქირურგი ერთი ოპერაციით შეიძლება შემოიფარგლოს. 

ე.წ. მოდარაჯე ლიმფური კვანძების ბიოფსია ყველას არ უკეთდება და ქირურგმა უნდა განიხილოს, ამ პროცედურის მიზანშეწონილობა თქვენთან. თუ ქირურგი მიიჩნევს, რომ ოპერაციის დროს ლიმფურ კვანძებს არ ამოკვეთავს, მან უნდა აგიხსნათ თავისი გადაწყვეტილება.

No comments:

Post a Comment