11.9.13

ძუძუს ოპერაციის შემდეგ - II ნაწილი

უჩვეულო შეგრძნებები

ძალზე ხშირია მკერდის არეში და მკლავქვეშ ჩხვლეტა, წვა და დაბუჟება. შესაძლოა, ოპერაციის შემდეგ, ეს შეგრძნებები,  გაგრძელდეს რამდენიმე კვირა ან თვე.

ნაიარევი

ოპერაციის სირთულის მიუხედავად, ნაიარევი მაინც რჩება. შეხებისას, შესაძლოა, ტკივილმა ან დისკომფორტმა შეგაწუხოთ, ამიტომ გაგიჭირდებათ ჩაცმა ბიუსტჰალტერის ან ისეთი ტანსაცმლისა, რომელიც ნაიარევზე ზეწოლას ახდენს. 

დაჭიმულობა


ნაოპერაციევ მხარეს ხელებისა და მხრების დაჭიმულობა ან ტკივილი, შესაძლოა, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს. მომავალში, ჩვენ შეგასწავლით იმ ფიზიკურ ვარჯიშებს, რომლებიც ამ პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ. ექიმთა და ფიზიოთერაპევტთა უმეტესობა გირჩევთ, ეს ვარჯიშები მუდმივად აკეთოთ.






ინფექცია

შეხორცებამდე, ნებისმიერ დროს შეიძლება ჭრილობაში ინფექცია შეიჭრას. მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ შემდეგი სიმპტომები:

  • ჭრილობა დარბილებულია, გასიებულია ან ხურს;
  • ჭრილობის მიდამო შეწითლებულია;
  • ჭრილობიდან გამონადენია;
  • გრძნობთ ტემპერატურის მომატებას.
ტკივილი და დისკომფორტი

გამოჯანსაღების პერიოდი ინდივიდუალურია. ტკივილი რამდენიმე კვირაში უნდა გაქრეს, თუმცა დისკომფორტი, შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს, ოპერაციის მოცულობის შესაბამისად. თუ იღლიიდან ლიმფური კვანძები ამოგიღეს, დიდი ალბათობით, ტკივილს ამ მიდამოში იგრძნობთ. მნიშვნელოვანია, რომ ხელის ტკივილის შესამცირებლად, რეგულარულად ივარჯიშოთ. თუ ტკივილი არ გადის, მიმართეთ ექიმს ან ფიზიოთერაპევტს.

სერომა

უმეტესობას, რომელთაც ძუძუს ოპერაცია გაუკეთეს  ან ლიმფური კვანძები ამოკვეთეს, მკლავქვეშ და/ან მკერდში უგროვდება სითხე, რომელსაც სერომა ეწოდება.  სითხის ჩაგროვება დისკომფორტია, მაგრამ არ უნდა შეგაშფოთოთ, რადგან დროთა განმავლობაში გაიწოვება.

თუ სერომა ხელის მოძრაობას გიზღუდავთ, დისკომფორტს გიქმნით ან არ ცხრება, შესაძლოა, ექიმმა ის შპრიცით გამოტუმბოს. როგორც წესი, ეს უმტკივნეულო პროცედურაა, რადგან ჭრილობის გარშემო მიდამო დაბუჟებულია.

ხანდახან, სითხის ჩაგროვება ამოტუმბვის შემდეგ ისევ ხდება. სრულ გაქრობამდე, შესაძლოა, რამდენჯერმე დაგჭირდეთ სერომას დაცლის პროცედურა, რაც ოდნავ დამთრგუნველია.

შეხორცებითი ზონარი

ოპერაციის შემდეგ, მკლავზე ზოგჯერ ყალიბდება ზონარის მსგავსი სტრუქტურა, რაც მის ტკივილსა და მოძრაობის შეზღუდვას იწვევს. „ზონარი“ შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ ხელით ისინჯებოდეს. 
როგორც ვარაუდობენ, ზონარი ლიმფური სადინრების გამკვრივების შედეგად წარმოიქმნება და ოპერაციიდან მეექვსე-მერვე კვირას ჩნდება. სპეციალური, დაჭიმვითი ვარჯიშები უსიამო სიმპტომებს აქრობს, თუმცა ამისთვის შესაძლოა დაგჭირდეთ სპეციალისტის კონსულტაცია. შეხორცებითი ზონარი, შესაძლოა რამდენჯერმე გაჩნდეს. 

No comments:

Post a Comment