24.9.13

რადიოთერაპიის სახეები და მისი გვერდითი მოვლენები

რდიოთერაპიული მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს: გარეგანი დასხივება ოპერაციის შემდგომ, ინტრაოპერაციული (ოპერაციის დროს) დასხივება, ბრაქითერაპია (რადიოაქტიური წყაროს განთავსება სხეულში), ტომოთერაპია (როცა რენტგენული სხივების შეგროვება-მიწოდება ხდება ავთვისებიან უჯრედებამდე, ჯანმრთელი ქსოვილების დაზოგვით, გარეგანი დასხივებისა და კომპიუტერული ტომოგრაფის დახმარებით,) და სხვ...


გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები ვითარდება იმის გამო, რომ რადიოთერაპიის დროს, კიბოს უჯრედებთან ერთად, ზიანდება ჯანმრთელი ქსოვილიც. გვერდითი  მოვლენების უმეტესობა დროებითია, თუმცა ზოგი სამუდამოდ რჩება.

მსუბუქი გვერითი მოვლენები

როგორც წესი, რადიოთერაპია ადამიანს ცუდად არ ხდის. ამავდროულად, მკურნალობისას, თქვენ ბევრ  ენერგიას ხარჯავთ, რამაც შეიძლება გადაღლილობა გამოიწვიოს. თერაპიული კურსის შემდეგ, ზოგი სამსახურშიც კი მიდის, მაგრამ ზოგს ძალის აღსადგენად სახლში დასვენება ესაჭიროება.

შესაძლოა, განვითარდეს კანის ადგილობრივი რეაქცია: შეწითლება, ჩამუქება, ქავილი. კანი, შესაძლოა, აიქერცლოს და გამოიწვიოს მცირე ტკივილი. შესაძლოა, ჭვალისებური ტკივილიც განვითარდეს მკკერდის მიდამოში და არაა გამორიცხული, რადიოთერაპიის სრული კურსის დასრულებამდე გასტანოს.

მკურნალობის დროს, შესაძლოა, მკერდი შეშუპდეს და დისკომფორტის მიზეზი გახდეს. ეს სიმპტომები რადიოთერაპიიდან რამდენიმე კვირაში გაივლის.

თუ ძუძუს დამზოგველი ოპერაცია ჩაიტარეთ, ნაოპერაციევ მხარეს, კანი შეიძლება უფრო მკვრივი გახდეს, ძუძუ დაპატარავდეს და სრულიად განსხვავდებოდეს ადრინდელთან შედარებით.

შეიძლება, განვითარდეს ლიმფედემა, ლიმფური კვანძების დასხივების გამო. ანუ, მკლავში შეშუპება და სიმძიმის შეგრძნება განვითარდება. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, რომელიც შეშუპებული ხელის მოვლის ტექნიკას შეგასწავლით. 

თუ თერაპია მხრის მიდამოში ტარდება, შეიძლება, განვითარდეს ყელის ტკივილი, დისკომფორტი ყლაპვის დროს. ასეთ შემთხვევაში, მიმართეთ რადიოთერაპევტს ან მკურნალ ექიმს, შესაძლოა, ჭამამდე ტკივილგამაყუჩებელი სითხე დაგინიშნონ.

საშუალო სიმძიმის გვერდითი მოვლენები

რადიოთერაპიამ მკერდისა და იღლიის მიდამოში, შესაძლოა, გამოიწვიოს კანის გამკვრიივება, რასაც ფიბროზი ეწოდება. მწვავე ფიბროზის შემთხვევაში, მკერდის  ზომა შეიძლება შემცირდეს.

იმ მხარეს, სადაც თერაპია ტარდება, შეიძლება ფილტვების გაღიზიანება მოხდეს, რასაც მშრალი ხველა და სუნთქვის გაძნელება მოჰყვება და როგორც წესი თავისით გაივლის.

თუ ძუძუს კიბო მარცხენა მხარეს იყო, რადიოთერაპევტი შეეცდება მინიმუმამდე დაიყვანოს გულზე თერაპიის გავლენა.

მძიმე და იშვიათი გვერდითი მოვლენები

რადიოთერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს ძვლოვანი სისტემის შესუსტება, რასაც ხაანდახან მოტეხილობებამდე მივყავართ.

შეიძლება დაზიანდეს ხელის ნერვები, რაც იწვევს დაბუჟებას, ტკივილს, სისუსტეს, მოძრაობის შეზღუდვას და სხვა.

მედიცინის მიღწევებთან ერთად, მძიმე გვერდითი მოვლენების რიცხვი იკლებს. შესაბამისად, ადამიანების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მკურნალობის შედეგი რისკებს ამართლებს.

No comments:

Post a Comment